მონეტარული პოლიტიკა

ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთობლივი კონფერენცია

ekonomistebi.ge

ამ წუთებში თბილისი მერიოტში მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთობლივი კონფერენცია თემაზე „მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია“.

კონფერენცია გახსნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. მან ისაუბრა ეროვნული ბანკის მნიშვნელობაზე ქართული ეკონომიკის სტაბილურობასა და მდგრად განვითარებაში. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი. შესავალი კომენტარი გააკეთა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც.

ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მთავარი მიზანია, რომ უფრო სტაბილური გახადოს საქართველოს ეკონომიკა და უკეთესი კომუნიკაცია მოახდინოს მოსახლეობასთან იმ მხრივ თუ რას შეიძლება ელოდეს რიგითი ქართველი მოქალაქე უახლოეს მომავალში.

გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკაში სრული გამჭირვალობაა. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი საკუთარ ვებგვერდზე ყოველდღიურად აქვეყნებს მასალას საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენების შესახებ; ვებგვერდზე ასევე ქვეყნდება ეროვნული ბანკის რეპორტები და ანალიტიკა, რომელზე წვდომაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს.

ეროვნული ბანკის გამჭირვალობის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა ზდენეკ თუმამ. მან ისაუბრა ჩეხეთის ეროვნულ ბანკში დანერგილ გამჭირვალობის პოლიტიკაზე და პარალელები გაავლო ჩეხეთისა და საქართველოს ეკონომიკას შორის. თუმამ ხაზი გაუსვა ინფორმაციის სიზუსტისა და ეროვნული ბანკის სანდოობის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკაში. მან აღნიშნა, რომ რაც უნდა არასახარბიელო იყოს მიმდინარე მონაცემები, ეროვნული ბანკი ვალდებულია, საქმის კურსში ჩააყენოს ქვეყნის მოქალაქეები და დაინტერესებული პირები.

თუმამ ასევე წარმოადგინა KPMG-ის (სადაც ახლა თავად პარტნიორია) რეპორტი ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის დანერგვისა და მისი შედეგების შესახებ.

კონფერენცია დღის ბოლომდე გასტანს და მოხსენებას გააკეთებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი მასუდ აჰმედიც.

კომენტარები