საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სოფო მოსიძესთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ში ვიზიტი გაიხსენა. პრემიერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრა იგეგმებოდა, მაგრამ ამაზე წინასწარ საუბარი არ სურდა, რადგან ”დეტალები ზუსტდებოდა”. პრემიერის თქმით, მისთვის დიდი კომფორტი იყო საუბარი ”პრეზიდნეტ ობამასთან, ვიცე-პრეზიდენტთან, იყო ძალიან უშუალო, გახსნილი და მეგობრული საუბარი, ხუმრობით და ა.შ. ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ასეთი წარმატებული შეხვედრა შედგა" - განაცხადა ღარიბაშვილმა,
მისი თქმით აშშ-ში ქართული ოცნების ხელისუფლებისა და საქართველოს მიმართ დადებითი განწყობაა.
"განწყობა არის ძალიან პოზიტიური ჩვენი ხელისუფლებისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვიცოდით, რომ ამერიკა მხარს უჭერდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, მის დემოკრატიულ განვითარებას, მაგრამ ახლა მე ვიგრძენი უპრეცედენტოდ პოზიტიური განწყობა ჩვენს მიმართ. მე ასევე გადაჭარბების გარეშე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თვითონ პრეზიდენტი ობამა, ვიცეპრეზიდენდი და ზოგადად მთელი ადმინისტრაცია ამერიკის და ხელისუფლება, ასევე კონგრესმენები და სენატორები ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებებს. გასული წელი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი დემოკრატიის განმტკიცების კუთხით" - განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, კონკრეტულად რომელ წარმატებებს გულისხმობს აშშ-ს ხელისუფლება, პრემიერმა ღარიბაშვილმა უპასუხა:
"პირველი ის რომ მოხდა უპრეცედენტოდ მშვიდ ვითარებაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, რითაც დასრულდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესი. თუმცა ვიტყოდი, რომ საკმაოდ რთული პროცესი. ისინი აღნიშნავენ ასევე იმას, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლება იყო და არის ძალიან კონსტრუქციული და აღნიშნავენ ჩვენს დამსახურებას, რომ ჩვენ ეს კოჰაბიტაციის პროცესი ვმართეთ წარმატებულად. და ამაში ისინი აღნიშნავენ ყოფილი პრემიერის, ბატონი ბიძინას დამსახურებას. და ასევე მე მინდა გითხრათ, რომ მის წასვლას პოლიტიკიდან ასევე უპრეცედენტოდ აღნიშნავენ. მე მოვისმინე რამდენიმე მაღალი დონის პოლიტიკოსის შეფასება, რომ ასეთი რამ იყო მართლაც უპრეცედენტო დემოკრატიული სამყაროსთვის. ასეთი რამ ყველაზე განვითარებულ დემოკრატიებში აღარ ხდება, დღეს, თანამედროვე მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ის დიდი ნხატომი რასაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია გასულ წელს და ის რეფორმები რაც გრძელდება დღეს არის აბსოლუტურად მხარდაჭერილი აშშ-ს მხრიდან და პირველ რიგში ეს დაადასტურა პრეზიდენტმა ობამამ, ვიცეპრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა კერიმ" - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.





