გიორგი ონიანის საქმე

ონიანი: მდინარაძემ რატომ არ შეიტანა საჩივარი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ?

ადვოკატი გიორგი ონიანი შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის დაკითხვას ითხოვს. ონიანმა დღევანდელ ბრიფინგზე მისთვის ბრალის დამძიმება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა. ადვოკატის განცხადებით, მას ახალი ბრალი ბაჩო ახალაიას ფაქტორიდან გამომდინარე წაუყენეს.

"მიმდინარეობს ყველდღიური პოლიტიკური შავი პიარი, რომელიც მხოლოდ ერთ რამეს ისახავს მიზნად, მოხდეს ჩვენი - ბაჩო ახალაიას ადვოკატების - მარგინალიზაცია საზოგადოების თვალში. ახალაია შვიდიდან ექვს ბრალდებაში გამართლდა და ამის უშუალო შემოქმედები სწორედ ადვოკატები ვიყავით, ვინც შევძელით დაგვემტკიცებინა მისი უდანაშაულობა", - თქვა ონიანმა და აღნიშნა, რომ ლევან მდინარაძისთვის (ე.წ. DJ რემბო) დღევანდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან მეგობრობა ინდულგენციაა.

"გამოიყვანეს ე.წ. დიჯეი რემბო, რომელიც არის ბერა ივანიშვილის უახლოესი ძმაკაცი და მე წარმოვადგინე მათი ახლობლობის დამადასტურებელი არაერთი ფოტოც. და ეს ადამიანი იძახის, რომ თურმე მას ნაროკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს და ამის ორგანიზატორიც ყოფილა გიორგი ონიანი. საზოგადოებას მინდა მივმართო, როგორ წარმოუდგენიათ, თუ ეს ადამიანი თვლიდა, რომ მის მიმართ დაირღვა კანონი, ხელისუფლების ცვლილების მერე, წელწად-ნახევარი გავიდა, რატომ არ შეიტანა საჩივარი ან პროკურატურაში ან შესაბამის ორგანოებში და რატომ არ მოისურვა საკუთარი უფლებების დაცვა? ეს ადამიანი მე დღეს ბრალს მდებს და მისი მეგობრობა დღევანდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან არის მისთვის ინდულგენცია", - განაცხადა ონიანმა.

ადვოკატის თქმით, ჩატარებულია მისი პირადი და სახლის ჩხრეკა და ორივე ინსტანციის სასამართლომ ჩხრეკა უკანონოდ ცნო.

"ძალიან მაინტერესებს, ვინ დაისჯება ამ ფაქტთან დაკავშირებით და ვის მოუწევს პასუხისგება", - აღნიშნა ონიანმა.

დღევანდელ ბრიფინგზე ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ გლდანის პოლიციაში მისი თანამშრომლები ამჟამადაც მუშაობენ და ისინი დაწინაურებული არიან. მათ შორის, მისი თქმით, დაწინაურებულია სამმართველოს ყოფილი უფროსი ჯაბა მაღლაფერიძე და განყოფილების უფროსი ალექსანდრე ჭიკაიძე. გიორგი ონიანი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს იმჟამინდელი თანამშრომლების დასაკითხ მოწმეთა სიაში შეყვანას აპირებს.

საქართველოს პროკურატურამ დღეს ადვოკატ გიორგი ონიანს ახალი ბრალი წაუყენა. ონიანს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი სიყალბე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, პოლიტიკური დევნა და განზრახ უკანონო დაკავება.

გამოძიების მტკიცებით, 2011 წლის 17 ოქტომბერს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ონიანმა ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე, უკანონოდ დააკავა ქართული ოცნების მხარდამჭერი ლევან მდინარაძე (DJ რემბო).

გიორგი ონიანისთვის ეს უკვე მეორე ბრალდებაა. გამოძიების ვერსიით, პირველ შემთხვევაში, მან პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის, შპს დაო-პრინტის მენეჯერი დავით შათირიშვილი იდენტური სცენარით უკანონოდ დააკავა.

აღნიშნულ საქმეზე გიორგი ონიანი საკუთარ სახლში დააკავეს და მას 2014 წლის 26 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო 20 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.

კომენტარები