მადრიდის რეალის საწვრთნელი ბაზის ერთ-ერთ ოთახში, კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი და სამედიცინო გუნდის წევრები ვარჯიშის დასრულების შემდეგ, სახლებში წასასვლელად ემზადებოდნენ. პორტუგალიელი მცირე ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცედურებს გადიოდა და უკვე გრძნობდა, რომ მოედანს ჯანმრთელი და უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში მყოფი დაუბრუნდებოდა. ბაზიდან გასვლამდე, რონალდუმ ექიმებს უთხრა: ახლა ისე კარგად ვარ, თუ წელს ოქროს ბურთს მოვიგებ, ხუთივეს რომელ ავტომობილსაც მოისურვებთ, იმას გიყიდითო...
თავად ბუგატი ვეირონით დადის. ხომ იცით ეს უსწრაფესი იტალური ავტომობილი – 1200 ცხენის ძალა რომ აქვს? მისი პატრონიც მოედანზე ასეთივეა – უცებ იფეთქებს, მიჰქრის მეტოქის კარისკენ, აკეთებს თავბრუდამხვევ მანევრებს და დამაგვირგვინებელ ფაზაშიც შეუდარებელია. 66 გოლი 56 თამაშში – ასეთია 2013 წელს რონალდუს შედეგიანობის მაჩვენებელი. რა გასაკვირია, რომ გოლების უმრავლესობა სამეფო კლუბის შვიდმა ნომერმა, სწორედ საკუთარი კლუბის ფორმით გაიტანა – 46 მატჩში 56. წინა სეზონში პორტუგალიელმა 3-ით ნაკლები შეაგდო და თან 71 შეხვედრაში, ასე რომ, პროგრესი სახეზეა.
რონალდუს ტრიუმფში დიდი როლი ითამაშა ნაკრებში ჩატარებულმა მატჩებმა, განსაკუთრებით კი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის პლეიოფში შვედების წინააღმდეგ მისმა ბენეფისმა. კუნძულ მადეირაზე დაბადებულ სუპერვარსკვლავს დიდი ხნის განმავლობაში საყვედურობდნენ, რომ ნაკრებში კლუბთან შედარებით ნაკლებად პროდუქტიული იყო. დღეს ამას ვერავინ იტყვის, რადგან ბავშვისთვისაც აშკარაა, რომ პორტუგალია ერთ ადამიანზე დგას და ეს კრიშტიანუ რონალდუა. შვედეთის და პორტუგალიის ნაკრებებში რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი თამაშობს და მათი ნიჭის თუ შრომისმოყვარეობის დაკნინება არ მსურს, მაგრამ ის, რაც ამ ორი ეროვნული გუნდის დაპირისპირებაში მოხდა, იყო ორი ტიტანის შერკინება.
ერე საქმეში იბრა ჩაერთო – ჯერ თავით შეაგდო, შემდეგ კი 4 წუთში 17 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. იქ, სადაც რონალდუა, ეს საკმარისი არ არის: 2 წუთში მცველები და მეკარე ისაქსონი ორჯერ გაასწორა მიწასთან და თუ ეს წინადადება შეიძლება ვინმეზე ითქვას, მაშინ „ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მარტომ გაიყვანა".
„თუ ფრანკმა ვერ მოიპოვა ოქროს ბურთი იმ წელს, როდესაც მოიგო ყველა ტიტული, პრობლემასთან გვაქვს საქმე. 50 წლის განმავლობაში ოქროს ბურთი გადაეცემოდა შედეგებისა და ტიტულების მიხედვით, მაგრამ როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ჯილდოს FIFA გადასცემს, რაღაც შეიცვალა", – ეს სიტყვები ლეგენდარულ მიშელ პლატინის ეკუთვნის, რომელიც ამჟამად UEFA-ს პრეზიდენტია. მისი გულისწყრომა გასაგებია, რიბერი ხომ 30 წლისაა და კიდევ ექნება თუ არა ასეთი შესანიშნავი სეზონი, საეჭვოა. საგულისხმოა ისიც, რომ რონალდუს 1,365 ქულის შემდეგ, მესიმ 1,205 მიიღო და მეორე ადგილზე სწორედ ის გავიდა, რიბერი კი 1,127-ით მხოლოდ მესამე იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მართლაც საოცარმა ნახევარმცველმა რონალდუს და მესის გვერდი დაუმშვენა და 2013 წელს გულშემატკივრებს იმდენად შესანიშნავი სეზონი აჩუქა, რომ დავიწყება ძალიან რთული იქნება.
ყველაფრის გათვალისწინებით, იმ 42 გოლს და 15 გადაცემასაც რომ თავი დავანებოთ და მხედველობაში 2013 წელს არგენტინელის ტრავმიანობა მივიღოთ, მესისთვის სეზონი შედგა. უბრალოდ, მას იმდენად ძლიერი კონკურენტი ჰყავს რონალდუს სახით, რომ მცირედი წაბორძიკება საკმარისია პირველობის დასაკარგად. საბოლოო ჯამში, დღეს, ვფიქრობ, მესი კვლავაც პირველია. მისი საუკეთესოობა არც ოქროს ბურთით იზომება და არც ერთი სეზონით, მით უმეტეს, რომ ისიც ძალიან კარგად ჩაატარა. ახლა ის კითხვა, რომელიც რონალდუმ მისდამი ნამდვილად მოხსნა, მესის აქვს დღის წესრიგიდან ამოსაღები. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც უამრავ სკეპტიკოსს უნდა დაუმტკიცოს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სად, რომელ სტადიონზე, ვის წინააღმდეგ, ის ერთნაირად მაგარია.
ედეგიც მოვიდა – რონალდუ 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. იქ, სადაც ადამიანი ფეხბურთს ასე ლამაზად, ასე მაგრად თამაშობს, მისი პიროვნების უარყოფით შტრიხებზე ფიქრი უადგილო მგონია.
კრიშტიანუ ძალიან ბევრს ვარჯიშობს. ალკოჰოლს საერთოდ არ იღებს, რადგან მამა 52 წლის ასაკში გაუთავებელი სმისგან გარდაეცვალა. ამბობს, სასმელი მამას მახსენებს და ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგებიო. არ აქვს ტატუები, რათა სისხლის ბანკში რეგულარულად ჩააბაროს სისხლი. ეხმარება ავადმყოფებს, სწორედ რონალდუს ფინანსური დახმარების წყალობით გადარჩა კიბოთი დაავადებული 9 წლის ბავშვი. 11 წლის იყო, როდესაც პატარა სტადიონზე ხალხს კრებდა, აყვირებდა, აგიჟებდა... გულშემატკივრები პატარა რონალდუს სანახავად ჯერ კიდევ მაშინ დადიოდნენ. 6 წლის შემდეგ, ლისაბონის სპორტინგში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა. აი, აქ დაიწყო კრიშტიანუ რონალდუსა და დიდი ფეხბურთის ფლირტი. ის დღესაც გრძელდება და არანაირი მიზეზი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ უახლოეს მომავალში მორჩება. დღეს ოქროს ბურთი მისია და ახლა ალბათ სამედიცინო გუნდის წევრებისთვის ახალი ავტომობილების ყიდვითაა დაკავებული. ასეთია რონალდუ – ვისთვის კარგი, ვისთვის ცუდი, თუ ბოროტი, რეალურად კი, 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.