დაძაბულობა ყირიმში

პუტინი: ჯერჯერობით არ არის აუცილებლობა, რუსული ჯარი უკრაინაში შევიდეს

ჯერჯერობით არ არის აუცილებლობა, რუსული ჯარი უკრაინაში შევიდეს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”ჯერჯერობით არ არსებობს რუსული ჯარების უკრაინაში შესვლის აუცილებლობა, თუმცა მოვლენების ასე განვითარებას არ გამოვრიცხავ”, - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსეთი ყირიმის შეერთებას არ აპირებს. მისი თქმით, ამაზე საუბარი არ მიდის და არც განიხილება.

მან ასევე განაცხადა, რომ კიევში აქციის მონაწილეები „ერთ-ერთი ოპოზიციური ორგანიზაციის პროვოკაციის“ გამო დაიღუპნენ. პუტინმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, 21 თებერვალს ხელმოწერილ შეთანხმებას დაუბრუნდნენ, რომლის თანახმად, იანუკოვიჩმა პრეზიდენტის პოსტი დეკემბრამდე უნდა შეინარჩუნოს და ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმა ჩატარდეს.

პუტინმა დაგმო დასავლეთის რეაქცია რუსულ აგრესიაზე და განაცხადა, რომ სანქციებით როგორც რუსეთი, ასევე დასავლეთი დაზარალდება.

”ჩვენ არალეგიტიმურ ქმედებებში გვადანაშაულებენ. მაგრამ მინდა შეგახსენოთ ამერიკის მოქმედება ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში, სადაც ის გაეროს სანქციის გარეშე ან მისი მანდატის დარღვევით მოქმედებდა. ჩვენი პარტნიორები, განსაკუთრებით შეერთებული შტატები, ყოველთვის ცხადად ახვევს საკუთარ გეოპოლიტიკურ ინტერესებს მთელ მსოფლიოს თავს. მათგან განსხვავებით, თუ მივიღებ გადაწყვეტილებას იარაღის გამოყენების შესახებ, ეს ლეგიტიმური იქნება, ჩვენ ლეგიტიმური პრეზიდენტის მიმართვა გვაქვს. ეს ჩვენს ინტერესებს შეესაბამება, რათა დავიცვათ ჩვენთვის ახლობელი ადამიანები. ეს ჰუმანიტარული მისიაა”, - განაცხადა პუტინმა.

იანუკოვიჩის გადაგდება ანტიკონსტიტუციურია, სახელმწიფო გადატრიალება და იარაღის გამოყენებით ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაა, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ძალებმა უკრაინა ქაოსში ჩააგდო. მისივე თქმით, ვიქტორ იანუკოვიჩი კვლავაც ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტია და ის დათანხმდა ყველაფერს, რაც ოპოზიციას სურდა.

მისი განცხადებით, ის ჯერჯერობით არ აპირებს უკრაინის ახალი მთავრობა აღიაროს, მანამდე სანამ ქვეყანაში ძალადობა და ქაოსი მძვინვარებს.

კომენტარები