ვითარება უკრაინაში

კერი: ყირიმის მოვლენები აშშ-რუსეთის ურთიერთობაზე შეიძლება მძიმედ აისახოს

truthrevolt.org

თუ რუსეთი დაუყოვნებლივ არ შეწყვეტს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ეს რუსეთზე მძიმედ აისახება - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი მიძღვნილ, სპეციალურ განცხადებაში წერს.

კერის განცხადებით აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრასა და ოკუპაციას, და მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ დატოვოს უკრაინის ტერიტორია.

”აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრასა და ოკუპაციას. ეს არის უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა და წარმოადგენს 1997 წლის რუსეთის ხელშეკრულების უგულვებელყოფას უკრაინასთან, ისევე როგორც ჰელსინკის საბოლოო აქტის და 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის დარღვევას. ეს ქმედებები უკრაინასა და მთლიან რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხის წინაშე აყენებს. 

როგორც პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა ჩვენ მოვუწოდეთ რუსეთს თავისი სამხედრო ძალები უკან გაიხმოს, თავი შეიკავოს უკრაინაში ინტერვენციისგან და თუ კი არსებობს ამისი ლეგიტიმური საფრთე, საერთაშორისო შუამავლების გზით დაიცვას საკუთარი უმცირესობის უფლებები და უსაფრთხოება.

ჩვენ ვაღიარებთ და პატივს ვცემთ რუსეთის უკრაინასთან კავშირს და შეშფოთებას, უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური რუსების მდგომარეობაზე. მაგრამ ეს შეშფოთება არ უნდა გამოიხატოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში.

თუ რუსეთი დაუყოვნებლივ, კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, ეს აშშ-რუსეთის ურთიერთობასა და რუსეთის საერთაშორისო მდგომარეობაზე მძიმედ აისახება.” - განაცხადა კერიმ.

კერის განცხადებით ის ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს ალექსანდრ ტურჩინოვს და მას მხარდაჭერა აღუთქვა, ასე სიმტკიცისა და სიმშვიდისაკენ მოუწოდა.

”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რათა ამ ისტორიულ მომენტში უკრაინელი ხალხის გვერდით ვიდგეთ. უკრაინელ ხალხს არფერი უნდა გარდა უფლებისა საკუთარი ბედი თვითონ გადაწყვიტოს. მათ ამის გაკეთება მშვიდობიანად, ძალის გამოყენების გარეშე, სტაბილურ გარემოში სურთ. სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა ამ საბედისწერო მომენტში უკრაინის გვერდით უნდა დავდგეთ. აშშ უკრაინის გვერდით დგას, როგორც ამას 22 წლის მანძილზე აკეთებდა” - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

კერი რუსეთს სთავაზობს გაეროსა და ეუთოს მისიებში ჩართვას და უკრაინაში რუსი ეთნიკური უმცირესობის უფლებების ისე დაცვას, თუ რა თქმა უნდა მათი დაცვის საჭიროება საერთოდ არსებობს.   

”ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებმა უკრაინაში იმუშაონ, შეაგროვონ ფაქტები, ძალადობის მონიტორინგი გააკეთონ და საკუთარი უფლებების დაცვაში ხალხს დაეხმარონ. რუსეთს როგორც ორივე ორგანიზაციის ლიდერ წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს და დარწმუნდეს, რომ მისი ინტერესები დაცულია” - განაცხადა კერიმ.  

კომენტარები