NATO-საქართველოს ურთიერთობა

აშშ მზადაა, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ხელი შეუწყოს

www.state.gov

აშშ მზადაა, NATO-ს სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ხელი შეუწყოს, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღოს - ამის შესახებ ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საპასუხო წერილში ამერიკელი კონგრესმენებისადმი.  

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ კონგრესმენების ხედვას იზიარებს და სექტემბერში ალიანსის სამიტისთვის ასპირანტი ქვეყნების პროგრესს სათანადო შეფასებას მისცემს.

”საქართველო კვლავაც აგრძელებს დიდი ნაბიჯების გადადგმას რეფორმების განხორციელებაში. მივესალმებით კარგად ორგანიზებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას 2013 წელს და ვაღიარებთ საქართველოს ფასდაუდებელ წვლილს NATO-ს ოპერაციებში, კონკრეტულად კი ISAF-ის მისიაში. ამ და სხვა ადგილებში საქართველომ დაამტკიცა, რომ უნარიანი და ერთგული პარტნიორია. ჩვენ გვწამს, რომ საქართველო მიღწეული პროგრესისათვის იმსახურებს ნდობას NATO-ს მომავალ სამიტზე, NATO-ს ოპერაციებსა და სტანდარტებისადმი ერთგულების გამო მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მცდელობას, შექმნას კონსენსუსი ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშირებით”, - ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ კონგრესმენები სახელმწიფო მდივანს ალიანსის ასპირანტი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერას სთხოვენ.

"ჩვენ მოვითხოვთ მიმდინარე წლის სამიტზე მონტენეგროსა და მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერას, ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესის ხელშეწყობას და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას", - ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

ამ წერილს აშშ-ის 42 კონგრესმენი აწერს ხელს.

 

 

 

 

კომენტარები