"შესაძლებლობა სადაც მექნება, ყველგან ვიტყვი, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია", - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის დეპუტატმა მავგორჟატა გოშიევსკამ „მატროსოვის“ ციხეში საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის მონახულების შემდეგ განაცხადა.
გოშიევსკა, რომელიც სეიმში იაროსლავ კაჩინსკის პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს, მერაბიშვილის პატიმრობის შესახებ მოქმედი პრემიერმინისტრის პოზიციას არ იზიარებს. პოლონელი დეპუტატის აზრით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისას ვანო მერაბიშვილის საკითხი ცალკე უნდა იყოს ნახსენები.
„არ ვფიქრობ, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის დაპატიმრებას დემოკრატიასთან რაიმე საერთო ჰქონდეს. ჩვენ, პოლონეთი და ევროკავშირი, ძალიან მყარად ვდგავართ იმ აზრზე, რომ ერთი კონკრეტული, ამ შემთხვევაში ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ შეტევა არ უნდა იყოს“, - მიიჩნევს გოშიევსკა.
ციხეში ვანო მერაბიშვილის მდგომარეობის შესახებ საუბრისას პოლონელი დეპუტატი ყურადღებას პაემნების სიმცირეზე ამახვილებს.
„მერაბიშვილს მეუღლესთან შეხვედრის შესაძლებლობა მხოლოდ თვეში ერთხელ აქვს, მაშინ, როდესაც იულია ტიმოშენკოს თავისი შვილის ნახვა ყოველდღიურად შეეძლო", - აღნიშნავს გოშიევსკა და დასძენს: "ვანო მერაბიშვილთან ჯანმრთელობის საკითხზე არ გვისაუბრია, თუმცა ერთი შეხედვით იმის თქმა შეიძლება, რომ ძალიან გახდა“.
16 იანვარს, მედიასთან შეხვედრაზე, პრემიერ ღარიბაშვილს ვანო მერაბიშვილის განცხადების შესახებ ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაურკვეველი მიმართულებით გაიყვანეს, შემდეგ კი ყოფილი მთავარი პროკურორი მასზე ზეწოლას ახდენდა. ღარიბაშვილის თქმით, ეს პროვოკაცია და ოთარ ფარცხალაძის მიმართ აგორებული კამპანიაა.
„არავის სჭირდება მერაბიშვილის გატაცება, ის კარგად ზის და კარგად იჯდება. თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა აქვს, კანონიერი გზით მივლენ და ამ კითხვას დაუსვამენ, პროცედურების დაცვით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა




