ვითარება უკრაინაში

სესიაშვილი: რაც უკრაინამ სისხლისღვრით შეძლო, ჩვენ მშვიდობიანად მოვახერხეთ

radiotavisupleba.ge

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ის, რაც უკრაინაში სისღლისღვრის შედეგად მოხდა, ქართველებმა უსისხლოდ, მშვიდობიანად მოახერხეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

დეპუტატი უკრაინაში მომხდარი ტრაგედიის გამო, დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და უკრაინელ ხალხს გამარჯვებას ულოცავს, თუმცა აღნიშნავს, რომ პროცესები მაინც რთულად განვითარდება და ამ ვითარებიდან უკრაინა უკრაინელი ხალხის გონიერებით, პოლიტიკური დათმობითა და დასავლეთის მხარდაჭერით უნდა გამოვიდეს.

სესიაშვილის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში, თუკი უკრაინა დემოკრატიულ გზას დაადგება, საქართველოს უძლიერესი პარტნიორი ეყოლება. ხოლო მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივებში, საქართველო გვერდით დაუდგება უკრაინას, "რადგან ჩვენ მათ ვჭირდებით და ისინი ჩვენ გვჭირდებიან".

როგორც ჩანს, უკრაინაში ჯერ არ დასრულებულა ყველაფერი. სამწუხაროდ, უნდა ველოდოთ გარკვეული "საშინაო დავალების" განხორციელებას რუსეთის მხრიდან. ეს ხდება ხოლმე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დასავლეთის მხარდაჭერით უკრაინა შეძლებს გამოძვრეს ამ სიტუაციიდან. უკრაინა დაადგება დემოკრატიულ გზას, ჩვენ გვეყოლება უძლიერესი პარტნიორი", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დეპუტატმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კიევის ცენტრში, ევრომაიდანზე გამოსვლასთან დაკავშირებით თქვა, რომ მას არ აინტერესებს ის, "ვინც PR-ის გამო კამერის წინ გაიპრანჭება". "ნაციონალური მოძრაობა დღეს გამარჯვებულია იმით, რომ უკრაინაში დემოკრატიამ გაიმარჯვა. თუ ნაციონალურ მოძრაობას პარალელების გავლება უნდა, ბევრს გავავლებ, მაგრამ პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ ის, რაც უკრაინელმა ხალხმა სისხლისღვრით შეძლო, ჩვენ ეს მშვიდობიანი გზით მოვახერხეთ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

უკრაინაში არეულობას 88 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის უმაღლესმა რადამ პრეზიდენტი იანუკოვიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა და საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს დანიშნა.

კომენტარები