ვითარება უკრაინაში

ტომენკო: უკრაინის პრემიერის პოსტზე ტიმოშენკოს კანდიდატურა აღარ განიხილება

Reuters

უკრაინის პრემიერმინისტრობის კანდიდატები პეტრო პოროშენკო და არსენ იაცენიუკი იქნებიან. ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელმა ნიკოლაი ტომენკომ განაცხადა. მისივე თქმით, ამ პოსტზე იულია ტიმოშენკოს კანდიდატურა აღარ განიხილება.

დღესვე უკრაინის პარლამენტმა 282 ხმით, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შესრულება პარლამენტის სპიკერს ალექსანდრ ტურჩინოვს დააკისრა. რადას გადაწყვეტილებით, ტურჩინოვი პრეზიდენტის მოვალეობას 25 მაისის არჩევნებამდე შეასრულებს. უმაღლესმა რადამ უკრაინის განათლების, საგარეო და ჯანდაცვის მინისტრები თანამდებობიდან გაათავისუფლა. ასევე, ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის მეჟიგორიის საპრეზიდენტო რეზიდენცია სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა. 

ამასთან, გუშინ უკრაინის უმაღლესმა რადამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის 25 მაისს დანიშნა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხმა 328 დეპუტატმა დაუჭირა.  #4193 დადგენილებით კი, რადამ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი თანამდებობიდან გადააყენა. ამ დროისთვის უცნობია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ადგილსამყოფელი. უკრაინული მედიის ცნობით, იგი რუსეთში გაფრინდა. ერთერთი ვერსიით კი, დონეცკში იმყოფება. 

გუშინვე, უკრაინის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც იულია ტიმოშენკო თავისუფალია. 331 დეპუტატიდან 322-მა ინიციატივას მხარი დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს უკრაინის სასამართლომ ტიმოშენკოს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიზეზად კი 2009 წელს რუსეთთან გაზის კონტრაქტის გაფორმებისას, უფლებამოსილების გადამეტება დაასახელა. დასავლეთი ვიქტორ იანუკოვიჩს ტიმოშენკოს განთავისუფლებას სთხოვდა. ევროგაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ ექსპრემიერის ციხიდან გამოშვება იყო.

უკრაინაში 18 თებერვალს დაწყებული არეულობის შედეგად, 88 ადამიანია დაღუპული. პროტესტის მონაწილეებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკების შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.

კომენტარები