ვითარება უკრაინაში

ტიმოშენკო: ძალიან ვწუხდი, რომ მშვიდობით ვერ შევძელით იგივე შედეგის მიღწევა

Reuters

ხარკოვის #5 ციხის სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგ უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკო კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე მივიდა და მომიტინგეებს მიმართა. მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ იგივე შედეგს მშვიდობიანად ვერ მიაღწიეს.

"როდესაც ხალხი ეცემოდა, ძალიან ვწუხდი, რომ არ ვიყავი თქვენთან ერთად, რათა არ დამეშვა ეს ყველაფერი. ძალიან ვწუხდი იმის გამო, რომ მშვიდობით ვერ შევძელით იგივე შედეგის მიღწევა. ჩვენ დღეს საბოლოოდ წერტილი უნდა დავუსვათ დიქტატურას. დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა - არ გვაქვს უფლება, სანამ არ დასრულდება ის, რაც დაიგეგმა და უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, მაიდანი არ უნდა მიატოვოთ. თქვენ ხართ ამის გარანტია, თქვენ ხართ ძალა.

თუ ვინმე გეტყვით, რომ თქვენ შეასრულეთ თქვენი სამუშაო და შეგიძლიათ, წახვიდეთ სახლში და ყველაფერს გააკეთებენ სხვები, ამას არ დაუჯეროთ, არცერთ სიტყვას არ დაუჯეროთ. სანამ თქვენ არ დაასრულებთ ყველა საქმეს, სანამ ბოლო ნაბიჯსაც არ გადადგამთ, არავის აქვს უფლება გითხრათ, რომ თქვენ დატოვოთ აქაურობა. ვერც პოლიტიკოსები, ვერც დიპლომატები და ვერც მსოფლიო ვერ გააკეთებენ იმას, რაც თქვენი გასაკეთებელია" - მიმართა ტიმოშენკომ მომიტინგეებს.

ტიმოშენკოს თქმით, იანუკოვიჩსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის სამშვიდობო შეთანხმებამ არ იმუშავა. მან ასევე აღნიშნა, რომ დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. "ვერ მოვისვენებთ და ვერ დავწყნარდებით. თუ არ დავსჯით მათ, ვინც ესროდა ჩვენ გმირებს, ეს იქნება სამუდამო სირცხვილი ჩვენთვის." - აღნიშნა ტიმოშენკომ.

"თქვენ უნდა იდგეთ, სანამ არ დაინახავთ, რომ პატიოსნად არის არჩეული ის ადამიანი, ვისაც თქვენ ენდობით. რომ კაბინეტი ფორმირებულია არაკულუარული პოლიტიკით. თქვენ თქვენი სისხლითა და გმირობით დაიმსახურეთ თქვენი უკრაინის მართვის უფლება. არანაირი მთავრობები, პარლამენტები არ შეიქმნება თქვენ გარეშე. ეს იქნება ამორალური და მიუღებელი.

მინდა ვთქვა, რომ პირველ რიგში მე ვიქნები გარანტი, რომ არავინ თქვენ არ მოგექცევათ ისე, როგორიც მიჩვეულები არიან პოლიტიკოსები. პოლიტიკა არის დიდი თეატრი, მაგრამ მე ვიქნები გარანტი, რომ თქვენ გაიგებთ, რა ხდება კულისებში. თქვენ გაიგებთ, სად კეთდება საქმე." - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმინისტრმა.

დასასრულს, იულია ტიმოშენკომ თქვა, რომ ბრძოლა, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობდა, პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიული სახელმწიფოების შექმნას გამოიწვევს.

"მინდა გითხრათ, რომ ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობდა უკრაინაში, გამოიწვევს დემოკრატიული სახელმწიფოებების შექმნას პოსტსაბჭოთა სივრცეში. თქვენ ხართ მაგალითი, გიყურებენ ხალხები, რომლებიც იმყოფებიან ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმის მარწუხებში. მე და თქვენ ვიქნებით ერთი გუნდი. ვუბრუნდები სამუშაოს და არ გამოვტოვებ არცერთ წუთს, რათა თავი იგრძნოთ ბედნიერად. დიდება უკრაინას!" - თქვა იულია ტიმოშენკომ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც იულია ტიმოშენკო თავისუფალია. 331 დეპუტატიდან 322-მა ინიციატივას მხარი დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს უკრაინის სასამართლომ ტიმოშენკოს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიზეზად კი 2009 წელს რუსეთთან გაზის კონტრაქტის გაფორმებისას, უფლებამოსილების გადამეტება დაასახელა. დასავლეთი ვიქტორ იანუკოვიჩს ტიმოშენკოს გათავისუფლებას სთხოვდა. ევროგაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ ექსპრემიერის ციხიდან გამოშვება იყო.

კომენტარები