ვითარება უკრაინაში

იანუკოვიჩის მრჩეველი: პრეზიდენტი უმაღლესი რადას გადაწყვეტილებას არ ცნობს

ვიქტორ იანუკოვიჩი

ვიქტორ იანუკოვიჩი უმაღლესი რადას გადაწყვეტილებას მისი გადადგომის შესახებ არ ცნობს - ამის შესახებ იანუკოვიჩის მრჩეველმა ანა ჰერმანმა განაცხადა.

"პრეზიდენტი უმაღლესი რადას გადაწყვეტილებას არ ცნობს და არალეგალურად მიიჩნევს. იანუკოვიჩი კვლავ პრეზიდენტია და გააგრძელებს თავისი მოვალეობების შესრულებას" - თქვა ჰერმანმა.

უკრაინის უმაღლესმა რადამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის 25 მაისს დანიშნა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხმა 328 დეპუტატმა დაუჭირა. ასევე #4193 დადგენილებით, რადამ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი თანამდებობიდან გადააყენა.

ასევე დღეს უკრაინის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც იულია ტიმოშენკო თავისუფალია. 331 დეპუტატიდან 322-მა ინიციატივას მხარი დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს უკრაინის სასამართლომ ტიმოშენკოს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიზეზად კი 2009 წელს რუსეთთან გაზის კონტრაქტის გაფორმებისას, უფლებამოსილების გადამეტება დაასახელა. დასავლეთი ვიქტორ იანუკოვიჩს ტიმოშენკოს განთავისუფლებას სთხოვდა. ევროგაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ ექსპრემიერის ციხიდან გამოშვება იყო.

კომენტარები