სინთეტიკურად დამზადებული ნარკოტიკები

სინთეტიკურად დამზადებულ ნარკოტიკთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ბაზა შეიცვლება

ალექსანდრე ჭიკაიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, სინთეტიკურად დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ბაზა შეიცვლება.

"ეს არის სინთეტიკური, ხელოვნურად დამზადებული ნარკოტიკი. ჩვენ გვქონდა ლაბორატორიული საშუალება მისი დადგენის, მაგრამ საკანონმდებლო ბაზა არ გაგვაჩნდა. გაგვაჩნდა მხოლოდ 2 ბირთვის შემცველი, რომელიც შეგვეძლო, დაგვედგინა და დაგვესაჯა ადმინისტრაციული წესით. ახლა შეიცვლება და საკანონმდებლო ბაზა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 9 ბირთვი დავადგინოთ. დაახლოებით 300-ზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობაა, მაგრამ ძირითადი შემცველობა ეს 9 ბირთვია", - თქვა ჭიკაიძემ.

ჭიკაიძის განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდება რამდენიმე პრიმა მუხლი, რომლის მეშვეობითაც დარეგულირდება პროცესი. "თვითონ მომხმარებლებზეც გავრცელდება, მაგრამ უფრო მიმართული იქნება რეალიზატორებზე", - აღნიშნა ჭიკაიძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრო ამ კუთხით ადრეც აქტიურად მუშაობდა, ხშირად ახდენდა გამოვლენას სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალების, მაგრამ დასჯას ვერ ახერხებდა.

"ვერ ვსჯიდით, ვინაიდან არ არსებობდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომ დაგვესაჯა. ახლა გვექნება საკანონმდებლო ბაზა და დავსჯით შესაბამისად", - თქვა ჭიკაიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარადგინა საქართველოს კანონებში - "ახალი ფსიქოლოგიური ნივთიერების შესახებ", "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხი.

კომენტარები