საკადრო ცვლილებები შსს-ში

ვალერიან თელია დავით თამაზაშვილმა შეცვალა

medianews.ge

შს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დავით თამაზაშვილი დაინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, აჭარის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერიან თელია სამუშაოდ თბილისში გადმოვა. 

"დავით თამაზაშვილი ძალიან გამოცდილი თანამშრომელია. მრავალი წელი მუშაობდა სამინისტროში", - თქვა ჭიკაიძემ და აღნიშნა, რომ აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშვნამდე, დავით თამაზაშვილი თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.

სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში დავით თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი მთავარი სტრატეგია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერიან თელია კადრების განკარგვაში გადაიყვანეს. ვალერი თელია აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსად 2013 წელს დაინიშნა და 2014 წლის 19 თებერვალს გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ ვალერიან თელია აჭარაში დანიშვნიდან რამდენიმე თვეში სკანდალში გაეხვა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლის მტკიცებით, აჭარის პოლიციის უფროსმა არაერთი თვითმხილველის თანდასწრებით ტანსაცმელი შემოახია და ანთებული სიგარეტი ესროლა. შს სამინისტროს განმარტებით, ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები ამოღების დროს დაზიანდა და თანამშრომელს, რომელმაც „დაუდევრობით წაშალა" აღნიშნული ჩანაწერი, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს. სამინისტრომ ალტერნატიული სათვალთვალო კამერიდან ამოღებული კადრები გაავრცელა, რომელზეც პოლიციის უფროსის ძალადობა არ ჩანდა.

ვალერიან თელიას ქმედებას მაშინდელმა შს მინისტრმა და ამჟამინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პოლიციელის მუნდირის დაცვა" უწოდა.

ამასთან, თელია ყოფილმა პრემიერმა 8 თებერვალს მწერალთა სახლში დავით მაღრაძესთან ინტერვიუს დროს ახსენა. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შსს-ში მუშაობის პერიოდი შეაფასა.

„გადაცდომები იყო? იყო - პატარა იქ, რაღაც თელიაზე თუ ვიღაცაზე ბათუმში. მაგრამ ტენდენციაა მთავარი, როგორ შეიძლება ამხელა სტრუქტურაში შეცდომების გარეშე რამე მოიმართოს და ვიღაც თანამშრომელმა რაღაც შეცდომა არ დაუშვას, მაგრამ ტენდენცია ჰქონდა?" - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები