ჯეოსელის საქმე

TI ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, ჯეოსელზე დასაბუთებული ინფორმაცია გაავრცელოს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო კომპანია ჯეოსელის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, საზოგადოებას მაქსიმალურად დასაბუთებული ინფორმაცია მიაწოდოს ჯეოსელთან დაკავშირებით, რათა ფინანსური პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები არ დარჩეს.

”საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები გასულ კვირას ჯეოსელის სათავო ოფისში შევიდნენ და ქვეყანაში სიდიდით მეორე მობილური ოპერატორი დიდი ოდენობის გადასახადებისთვის თავის არიდებაში დაადანაშაულეს.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ჯეოსელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დიდი ოდენობით გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი საინფორმაციო ვებსაიტი agenda.ge ავრცელებს.

კომპანიის წინააღმდეგ ბრალდებების წაყენება წინ უძღვის პარლამენტში ფარულ თვალთვალთან დაკავშირებული რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებულ განხილვებს. არსებული პრაქტიკის წინააღმდეგ თავის დროზე კომპანია ჯეოსელმა თავისი მკაფიო პოზიცია დააფიქსირა. ფინანსური პოლიციის ქმედება შესაძლოა, აღქმული იქნას, როგორც ბიზნესმენების გაფრთხილება, რამაც ასევე შეიძლება, ხელი შეუშალოს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

გასულ წელს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და ჯეოსელმა [ჯეოსელი თელიასორენას ჯგუფის წევრი კომპანიაა. თელიასონერა სკანდინავიის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობს და მისი ყველაზე დიდი მფლობელი შვედეთის სახელმწიფოა] დიალოგი დაიწყეს, რომლის მიზანი იმ ე.წ. კანონიერი ჩარევის რეგულირების გაუმჯობესება იყო, რომელიც საგამოძიებო ორგანოებს ელექტორნული კომუნიკაციების მონიტორინგის საშუალებას აძლევს.

ყოველივე განპირობებული იყო პირველ რიგში იმით, რომ საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლობა არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) პირდაპირი წვდომა აქვს ყველა სატელეკომუნიკაციო კომპანიის ინფრასტრუქტურაზე, რისი მეშვეობითაც მას ყოველგვარი სასამართლოს ზედამხედველობის გარეშე შეუძლია კომუნიკაციების მონიტორინგი, მათ შორის, პირის ადგილმდებარეობის დადგენა. აღნიშნული ინფორმაცია თავად მობილურმა ოპერატორებმა მოგვაწოდეს. ჯეოსელის აღმასრულებელი დირექტორი, პასი კოისტინენი, რომელიც კომპანიას 2012 წლის ბოლოდან ხელმძღვანელობს, ამ პრობლემაზე საჯაროდ საუბრობდა. მან ჯერ კიდევ 2013 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით საქართველოში არსებული მდგომარეობა "მიუღებელია."

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან ერთად ჯეოსელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმ საკანონმდებლო პაკეტის მომზადებაში, რომელიც პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, კომუნიკაციების მონიტორინგზე ზედამხედველობის მექანიზმებს გააუმჯობესებს და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას დაიცავს.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უახლოეს მომავალში უნდა განიხილონ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა დღემდე მკაცრად ეწინააღმდეგებიან სტატუსკვოს ყველანაირ ცვლილებას და ზედამხედველობის მექანიზმების დამკვიდრებას. ხელისუფლების მხრიდან ფარული თვალთვალის უკეთ რეგულირებას ჯეოსელთან ერთად სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიებიც უჭერენ მხარს და მიაჩნიათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეთა კომუნიკაციაზე მხოლოდ სასამართლოს ნებართვის არსებობის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს წვდომა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ აღმოჩნდა, რომ ფინანსთა სამინისტროს ბრალდებას ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია, მაშინ, ეს გახმაურებული საქმე კიდევ უფრო უარყოფით ზეგავლენას იქონიებს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.

მოვუწოდებთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საზოგადოებას მაქსიმალურად დასაბუთებული ინფორმაცია მიაწოდოს ჯეოსელის საქმესთან დაკავავშირებით. მნიშვნელოვანია, ფინანსური პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვის ნიშნები არ დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯეოსელის საქმე, შესაძლოა, ბიზნესმენებმა გამაფრთხილებელ გზავნილად აღიქვან და ჩათვალონ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოთქმული კრიტიკა ან მათ წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება პასუხგაუცემელი არ დარჩება. მსგავსი ქმედებები მრავლად გვხვდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც კერძო სექტორს ხელისუფლების კრიტიკის ეშინოდა, რადგან იცოდნენ, რომ ამას ბიზნესისთვის სავალალო შედეგები მოჰყვებოდა", - წერია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები