ჯეოსელის საქმე

გიგაური: ჯეოსელზე შეიძლება, საქმე გვქონდეს პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებებთან

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, საზოგადოებამ ჯეოსელის გარშემო განვითარებული პროცესების მონიტორინგი უნდა განახორციელოს, რადგან შეიძლება, ისინი პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებებთან იყოს დაკავშირებული.

"ვფიქრობ, რომ აქ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველამ იმას, თუ რა ხდება ჯეოსელთან დაკავშირებით. ჩვენ მათთან გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია გასული თვეების განმავლობაში. მაშინ, როდესაც საუბარი ეხებოდა მოსმენებს და ზოგადად იმ მიყურადების პრაქტიკას, რომელსაც ადგილი ჰქონდა წლების განმავლობაში და რომელიც გრძელდება დღეს ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ჯეოსელის საკითხზე როცა ვისაუბრებთ, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ჯეოსელი იყო პირველი კომპანია მობილური ოპერატორებიდან, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა, რომ ეს არის პრობლემა და რომ მათ უნდათ, სხვანაირი ურთიერთობები დაალაგონ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. შესაბამისად, ეს არის მართლაც საყურადღებო თემა.

და მეორე არის ის, რომ ასეთი რამ ხდება ზოგადად ქვეყანაში მყოფ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინვესტორთან დაკავშირებით. როდესაც, როგორც სახელმწიფო იზიდავ უცხოელ ინვესტორებს და როდესაც გინდა, რომ საქართველო გახდეს ინვესტორებისთვის მისაღები ქვეყანა, ვფიქრობ, რომ ასეთი გაუმჭვირვალე პროცესი არ უნდა მიმდინარეობდეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინვესტორთან დაკავშირებით, რომელიც მილიონობით ლარს დებს ქვეყნის ეკონომიკაში და რომელსაც დასაქმებული ჰყავს რამოდენიმე ათასი ადამიანი.

ჯეოსელი იყო ის კომპანია, რომელიც ნამდვილად მზად იყო იმისთვის, რომ გადაეხედა თავისი ურთიერთობისთვის სამართალდამცავ ორგანოებთან. ეს იყო კომპანია, რომელიც აქტიურად იყო ჩართული იმ კანონპროექტის შემუშავებაში, რომლის განხილვის იმედიც გვაქვს ჩვენ პარლამენტში და რომელიც შეცვლიდა თვალთვალისა და მიყურადების პრაქტიკას საქართველოში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მონიტორინგი განახორციელოს ამ პროცესებისა, იმიტომ, რომ აქ შეიძლება, საქმე გვქონდეს, პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებებთან." - თქვა გიგაურმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჯეოსელში 13 თებერვალს შევიდა. 14 თებერვალს კი კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 218-ე მუხლით აღიძრა, რაც დიდი ოდენობით გადასახადისაგან თავის არიდებას გულისხმობს.

იმავე დღეს ჯეოსელის აღმასრულებელმა დირექტორმა პასი კოისტინენმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"ჩვენ ვართ საერთაშორისო კომპანია, რომელიც მოქმედებს გამჭირვალე და პასუხისმგებლობით აღსავსე ეთიკური ბიზნესპრაქტიკით. არ გვაქვს არანაირი მიზეზი, თავი ავარიდოთ გადასახადებსა თუ სხვა ვალდებულებებს. ჯეოსელი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი გადასახადების გადამხდელია. მისი არსებობის მანძილზე კომპანიის ყველა საქმიანობა/ოპერაცია აღრიცხული და დოკუმენტირებულია მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანიების მიერ. ჯეოსელი გადადგამს ყველა სამართლებრივ ნაბიჯს, რათა მაქსიმალურად დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ვიზრუნებთ, რომ გამოძიების პროცესი წარიმართოს სრულყოფილად. საზოგადოებისთვის გამჭირვალედ, რომლის საბოლოო მიზანი იქნება სისხლის სამართლის საქმის დაწყების რეალური ფაქტობრივი საფუძვლების დადგენა." - წერია კოისტინენის განცხადებაში.

ჯეოსელი შვედურ-ფინური სატელეკომუნიკაციო ოპერატორის თელიასონერა - ჯგუფის წევრია. კომპანია საქართველოში 1997 წლიდან საქმიანობს.

კომენტარები