ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

უსუფაშვილი: გაიმარჯვოს მან, ვისაც მხარს დაუჭერს მოსახლეობის 50%

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე მსჯელობდნენ დღეს თბილისში, იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 18 თებერვალს პარლამენტში იწყება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვა კომიტეტებში.

"ჩვენ დიდი დრო დავუთმეთ პოლიტიკურ პარტიებთან, დაინტერესებულ სუბიექტებთან კონსულტაციებს და უკვე დროა გადავიდეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ოპოზიციას ყოველთვის აქვს განსხვავებული საკითხები და ყოველთვის უკმაყოფილოა, სწორედ ამიტომ არის ოპოზიცია. მე მესმის მათი, ვინც არ არიან პარლმენტში, მიაჩნიათ, რომ არ აქვთ საკმარისი ტრიბუნა მოსახლეობამდე პოლიტიკური მესიჯის მისატანად. ვისაც არ აქვს დაფინასება, ან ვისაც არ ჰყავს წარმომადგენელი კომისიაში ამაზე ჩივის, მაგრამ დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით ვისაც რა ბერკეტები ერგებოდა, მათ აქვთ ეს ბერკეტები, ამის გარდა ჩვენ გადავდგით უპრეცედენტო ნაბიჯი ამ ბერკეტების გასაზრდელად, კვალიფიციურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს, რომელთაც გადალახული აქვთ სამპროცენტიანი ბარიერი, საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებში, საარჩევნო უბანზე შესაძლოა ჰქონდეს გასამრჯელო. ხოლო იმ პარტიებს, რომლებმაც ვერ გადალახეს ბარიერი, მაგრამ სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ ამ არჩევნებში, საშუალება აქვთ, რამდენიმე პარტია გაერთიანდეს და მათი ჯამური შედეგი თუ გადააჭარბებს არა სამ, არამედ კიდევ უფრო დაბლა დაწეულ ბარიერს, ორ პროცენტს, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მათ წარმომადგენელსაც ექნება ბიუჯეტიდან დაფინანსება".

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აგრეთვე განიხილებოდა პრემიერმინისტრის ინიციატივა, მერების და გამგებლების საარჩევნო ბარიერის 50%-მდე აწევასთან დაკავშირებით. დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა კოალიციასთან.

"როგორც ოპონენტები ამბობენ ყველა გამარჯვებისთვის ვიბრძვითო, და გაიმარჯვოს მან, ვისაც მხარს დაუჭერს მოსახლეობის 50%", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. რაც შეეხება მეორე ტურის მოლოდინს, ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს დამოკიდებული იქნება კანდიდატების სიძლიერეზე, როდესაც არსებობს ბარიერის მოდელი, თავისთავად გულისხმობს მეორე ტურის შესაძლებლობასაც, თუმცა, არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე სრულიად შეუძლებელია ასეთი პროგნოზის გაკეთება. მისი აზრით, საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება მეორე ტური და ეს გაზრდის არჩეული მერებისა და გამგებლების ლეგიტიმაციას.

ჟურნლისტები პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის საკითხითაც დაინტერესდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტი პრლამენტს 21 თებერვალს, პარასკევს ეწვევა. მისი თქმით, დეტალები ამ საღამოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის შეხვედრისას გადაწყდება.

კომენტარები