უკრაინა

უკრაინული ოპოზიცია ქუჩებს ათავისუფლებს და ხელისუფლებას ახალ ულტიმატუმს უყენებს

pravda.com.ua

16 თებერვალს მაიდანზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ იანუკოვიჩის მთავრობაში ს პრემიერმინისტრის პოსტზე უარს ამბობს. „მე თანამდებობას არ ვხარბდები, ბატონო პრეზიდენტო. თქვენი დამქაშები მოისყიდეთ", - მიმართა იანუკოვიჩს ოპოზიციონერმა.

მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარი მთავრობის ფორმირებას გეგმავს და ეს ყველა ლიდერის, მათ შორის პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა.
იაცენიუკმა უმაღლეს რადას ულტიმატუმი წაუყენა, რათა მან სამშაბათს ძველი კონსტიტუციის მოქმედება აღადგინოს. ოპოზიციამ დღეს ასევე პროკურატურისგან 2 ათას აქტივისტზე აღძრული საქმეების დახურვა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში „შეტევაზე გადასვლით" დაემუქრა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმების ყველა პირობა შეასრულა. 15 თებერვალს გვიან ღამით გრუშევსკის ქუჩაზე ბარიკადების ნაწილობრივ დაშლა დაიწყო იმისთვის, რომ ქუჩაზე მოძრაობა გაიხსნას. ბარიკადები დემონტაჟი სხვა ქუჩებზეც მიმდინარეობს. შეთანხმებისა და ამნისტიის შესახებ ახალი კანონის პირობების თანახმად, დაკავებულ აქტივისტების გათავისუფლების სანაცვლოდ ოპოზიციამ დაკავებული ადმინისტრაციული შენობები უნდა დაცალოს და ქუჩები გაათავისუფლოს. დღეს ოპოზიციის აქტივისტებმა კიევის მერიის შენობა დატოვეს. შენობა შვეიცარიის ელჩს, სპეციალური აქტის საფუძველზე გადასცეს. თუმცა, ოპოზიციის აქტივისტთა ნაწილმა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა.

კომენტარები