საქართველოს სახალხო დამცველი მთავრობას და უწყებათაშორის კომისიას თხოვნით მიმართავს, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება გადაავადოს. უჩა ნანუაშვილის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ამიტომ მისი შემუშავების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე უნდა ჩაერთოს.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იქნება საერთაშორისო დონეზე საქართველოს ინტერესების დაწინაურებისთვის მიღებული მორიგი აქტი, რომელიც ქვეყნის შიგნით მხოლოდ ზედაპირულ–ფორმალური ღონისძიებების გატარებით შემოიფარგლება და არა საშუალება, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტულ ვადებში ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მწვავე პრობლემების გადაწყვეტისკენ" - აცხადებს სახალხო დამცველი.
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია შვიდ წელზე, ხოლო სამოქმედო გეგმა ორ წელზეა გათვლილი.





