სკოლის დირექტორთა სერტიფიცირება

თამარ სანიკიძე: დირექტორთა სერტიფიცირების მეორე რაუნდი მარტში გაიმართება

განათლების სამინისტრო

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ დირექტორთა სერტიფიცირების პირველი რაუნდიდან სამინისტრომ ვერ მიიღო დირექტორთა ის რაოდენობა, რომელიც საქართველოს მასშტაბით დირექტორთა კონკურსის გამოცხადებას შესაძლებელს გახდიდა.

"სწორედ ამიტომ, ჩვენ დავგეგმეთ და მარტში განვახორციელებთ სერტიფიცირების მეორე რაუნდს, რაც ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ექნება საშუალება, ეს პროცესი გაიაროს. შემდეგ, როცა პროცესი დასრულდება და დავრწმუნდებით, რომ გვყავს საკმარისი კონტინგენტი და შეგვიძლია ჩავატაროთ სრულფასოვანი კონკურსი სკოლებისათვის, სადაც თავად სამეურვეო საბჭოები აირჩევენ სკოლის დირექტორებს, მაშინ დავიწყებთ და განვახოციელებთ ამ პროცესს", - თქვა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

განათლების მინისტრი დირექტორობის იმ მსურველებს, რომლებმაც სერტიფიცირებისას კონკურსი გაიარეს, მაგრამ გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახეს, მოუწოდებს, ან სასამართლოს მიმართონ, ან სამინისტროს და მიიღონ პასუხები კითხვებზე.

თამარ სანიკიძის თქმით, გასაუბრება ტესტირებისგან განსხვავებით მიზნად ისახავდა სხვა უნარ-ჩვევების გამოვლენას და ტესტირებაში მაღალი ქულის მიღება აპრიორი არ ნიშნავდა, რომ ისინი გასაუბრებასაც გადალახავდნენ. განათლების მინისტრი ამბობს, რომ დირექტორობის ყველა მსურველს სტანდარტული, ერთი და იგივე კითხვები დაუსვეს გასაუბრებისას, კომისია კი პროფესიონალებისგან შედგებოდა.

კომენტარები