აშშ–რუსეთი

ამერიკელი დიპლომატების საუბრის გასაჯაროებაში რუსულ კვალს ხედავენ

6 თებერვალს YouTube-ზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდისა და უკრაინაში ამერიკის ელჩის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ამერიკელი დიპლომატები უკრაინაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს განიხილავდნენ.

ამ საუბარში ნულანდი ევროკავშირის როლს კრიზისის მოგვარებაში ძალზე კრიტიკულად მოიხსენიებს და იმასაც ამბობს, რომ გაერო უფრო სწრაფად მოქმედებს. ამ დროს იგი იყენებს გამოთქმას "f**k the EU".

ნულანდისა და ჯეფრი პაეტის საუბრის შინაარსი პრეზიდენტ იანუკოვიჩისა და ოპოზიციის ლიდერების მოლაპარაკებებს ეხება. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ამბობს, რომ არ სურს, ვიტალი კლიჩკო მთავრობაში მოხვდეს და მას ელჩიც ეთანხმება.

სამაგიეროდ, ნულანდის აზრით, ოპოზიციის მეორე ლიდერს, არსენი იაცენიუკს, საკმარისი სამეურნეო გამოცდილება აქვს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გამოთქვამს წინადადებას აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ბაიდენის სატელეფონო ზარის ორგანიზების თაობაზე, რომელიც იანუკოვიჩზე ზეწოლას მოახდენს.

YouTube–ზე გამოქვეყნებული ჩანაწერის ავტორი დაუდგენელია. თუმცა, როგორც The Washington Post მიანიშნებს, ამგვარი უკანონო ჩანაწერები და "კომპრომატები" რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გავრცელებული პოლიტიკური ბრძოლის ხერხია.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირებიც ვარაუდობენ, რომ ჩანაწერის გავრცელებაში რუსული კვალი იკვეთება. თეთრი სახლის პრესმდივნის ჯეი კარნის განცხადებით, ეს ვიდეო თავდაპირველად რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის ტვიტერში გაჩნდა და გავრცელდა, "ვფიქრობ, ეს რაღაცას ამბობს რუსეთის როლის შესახებ", - აღნიშნა პრესმდივანმა. კარნის საუბრის ავთენტურობის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. მან ისიც აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის შიდა საქმეებში არ ერევა და ქვეყანას ვითარების სტაბილიზაციაში ეხმარება.

რუსული წყაროების თანახმად, ლინკი YouTube-ის აღნიშნულ ფაილზე მართლაც რუსეთის ვიცეპრემიერის თანაშემწის დმიტრი ლოსკუტოვის ტვიტერში 6 თებერვალს გაჩნდა. თუმცა, თავად ფაილი 4 თებერვლით არის დათარიღებული. მოგვიანებით კი ეს ინფორმაცია უკრაინულმა გამოცემა KyivPost-მა გაავრცელა, რომელსაც შემდეგ სხვა მედიასაშუალებები დაეყრდნენ.

კომენტარები