ოპერისა და ბალეტის თეატრი

ოპერის დასი მინისტრს ხელმძღვანელის პირდაპირი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შემოქმედებითი დასის ნაწილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურამ ოდიშარიას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პირდაპირი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.

ოპერის შემოქმედებითი კოლექტივის ნაწილმა - იმერი კავსაძემ, ბესო გაბიტაშვილმა, ზურაბ იაშვილმა და მიხეილ ქართველიშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. მათი შეფასებით, თეატრი კრიზისულ მდგომარეობაშია და სრულუფლებიანი ხელმძღვანელი არ ჰყავს. მათივე თქმით, 2014 წელი სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ თეატრის გახსნის წლად არის გამოცხადებული და ასეთ სიტუაციაში, თეატრის უხელმძღვანელოდ არსებობა დაუშვებელია.

"თეატრის დასის წარმომადგენლები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, პირადად მინისტრის, ბატონ გურამ ოდიშარიასგან მოვითხოვთ უახლოეს დღეებში დანიშნოს თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პირდაპირი წესით არჩევნები, რაზეც ბატონი მინისტრი სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისას საუბრობდა. ასევე, მოვითხოვთ სასწრაფოდ გამოცხადდეს შეპირებული არჩევნების ზუსტი თარიღი. ამ მოთხოვნის საფუძველი მხოლოდ თეატრის ინტერესებია - გახსნის წელს უდიდესი სამუშაოებია ჩასატარებელი, რაც დროებითი ხელმძღვანელის პირობებში არარეალურია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნებისას სრულად იქნას დაცული დემოკრატიული პრინციპები და მასში მონაწილეობის საშუალება მიეცეს სამხატვრო ხელმძღვანელობის ნებისმიერ მსურველს, ხოლო ხმის მიცემის უფლება მიეცეს თეატრის მთელ კოლექტივს", - აღნიშნა ოპერის შემოქმედებითი დასის წარმომადგენელმა იმერი კავსაძემ.

კავსაძის თქმით, თეატრის დასის წარმომადგენლები გურამ ოდიშარიას კიდევ ერთი პირობის შესრულებას სთხოვენ, რაც თეატრის აუდიტორულ შემოწმებას გულისხმობს.

ოპერისა და ბალეტის თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის ნაწილმა საპროტესტო გამოსვლები იანვარში დაიწყო. მათ სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი ჟორდანიას თანამდებობიდან გადადგომა და ახალი ხელმძღვანელის კოლექტივის მიერ არჩევა მოითხოვეს. მუსიკოსებმა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე რეპეტიციებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. პროტესტი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. პარალელურად, კულტურის მინისტრთან შეხვედრას მართავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამხატვრო ხელმძღვანელი და მისი მხარდამჭერები. პროტესტის ბოლო დღეს, ოპერის დასის წარმომადგენლებმა გურამ ოდიშარიას გადაყენების მოთხოვნის დაყენება არ გამორიცხეს. აქციის მონაწილეებმა საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც 14 იანვარს სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ჟორდანიამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები