ლევან ბეჟაშვილის განცხადება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ნაციონალური მოძრაობის ინფორმაცია სიცრუეა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ნაციონალური მოძრაობის განცხადებას ეხმაურება. დეპარტამენტის ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და კატეგორიულად გამორიცხავს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გამოცხადებულ ტენდერებში ვინმეს მიერ ზემოქმედების შესაძლებლობას.

სიცრუეა, როდესაც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი აცხადებს, თითქოს, საგზაო კომპანია "სერპანტინს" საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერების დიდი რაოდენობა აქვს მოგებული, თანაც მთელი ქვეყნის მასშტაბით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიპოვოს ან გადაამოწმოს ინფორმაცია ელექტრონული ტენდერების ნუსხაში და ნახოს, რომ კომპანია "სერპანტინმა" 2013 წელს გაიმარჯვა 4 ტენდერში და მხოლოდ თავისი საქმიანობის არეალში - კახეთის რეგიონში.

აღნიშნულმა კომპანიამ 2013 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 7 ტენდერში უარყოფითი შედეგი მიიღო, ხოლო სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოებზე 2 საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გამოცხადებულ 4 ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებას, რომ თითქოს იოსებ ქადაგიშვილი ქვეყნის პრემიერმინისტრის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ახლო ნათესავია, ამ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ქადაგიშვილი გამიზნულად აგორებულ ჭორს უწოდებს. "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ნათესაური კავშირი თამაზ თამაზაშვილთან და მის ოჯახთან არ გამაჩნია, რისი გადამოწმებაც ნაციონალურ მოძრაობას არ გაუჭირდებოდა. მათი განცხადება არის სიცრუე და ცილისწამება. თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დედა დედისერთაა და ვერავისი მამიდაშვილი ვერ ვიქნები. მე უკვე ვესაუბრე ჩემს ადვოკატს, რომელიც სარჩელს ამზადებს და ნაციონალური მოძრაობის ავანტიურას და თავგასულობას სასამართლო გამოაშკარავებს." - აღნიშნავს ქადაგიძე" - წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს. როგორც ბეჟაშვილმა საპარლამენტო სესიაზე განაცხადა, ნათესაური კონტროლის ქვეშ მოექცა ტენდერის გამომცხადებელი სტრუქტურა, შემსრულებელი ფირმა და შემმოწმებელი კომპანია.

"პრემიერის ნათესავი, იოსებ ქადაგიშვილი დანიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ და შემდგომ სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ. ერთი წლის განმავლობაში საგზაო მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერებში უკვე 9-ჯერ გაიმარჯვა კომპანია "სერპანტინმა", რომელსაც ჯამური ღირებულებით 15 მილიონი ლარი ხვდა წილად.

პირდაპირი შესყიდვის წესით კომპანიასთან გაფორმებულია რამდენიმე მილიონიანი ხელშეკრულებები. კომპანია "სერპანტინის" 51-პროცენტიანი წილის მფლობელია თამარ ჯანყარაშვილი, შს მინისტრის მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედა და შს გენინსპექციის უფროსის, თამაზაშვილის დისშვილის ახლო ნათესავი.

აღნიშნულმა კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარის მოცულობის ტენდერები შეასრულა. გასულ 8-9 წელში, ამ კომპანიის მიერ შესრულებული ტენდერების რაოდენობა არ აღემატებოდა მთლიანობაში 6 მილიონ ლარს", - თქვა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის თქმით, ოჯახურმა კლანმა ზეწოლის შედეგად დაგებული საფარის ერთადერთი შემმოწმებელი კომპანია აიძულა ქვეკონტრაქტორად აეყვანა შპს "ვილსფორტ მენეჯმენტი", რომლის ტექნიკური დირექტორი არის ელდარ ხუცაიძე. მისივე თქმით, ელდარ ხუცაიძის მამა არის შპს "სერპანტინის" 35%-იანი წილის მფლობელი და ინტერესთა კონფლიქტი ამაშიც იკვეთება.

"ასევე აღსანიშნიავია, რომ "ვილსფორტ მენეჯმენტის" 50%-იანი წლის მფლობელი არის კახა ბაინდურაშვილი, ძმები ჩხენკელების ბიზნესპარტნიორი და „ტვ 3"-ის მფლობელი. აკაკი ჩხენკელი არის შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად კი პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის რეგიონული სამსახურის უფროსი. ხოლო ლევან ჩხენკელი კი „ტვ 3"-ის ასევე ერთ-ერთი მფლობელია", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილი იმედოვნებს, რომ მის მიერ დასახელებული ფაქტებით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდებიან.

კომენტარები