ლევან ბეჟაშვილის განცხადება

ბეჟაშვილი ღარიბაშვილისა და თამაზაშვილის კორუფციულ სქემაზე საუბრობს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს. როგორც ბეჟაშვილმა საპარლამენტო სესიაზე განაცხადა, ნათესაური კონტროლის ქვეშ მოექცა ტენდერის გამომცხადებელი სტრუქტურა, შემსრულებელი ფირმა და შემმოწმებელი კომპანია.

"პრემიერის ნათესავი, იოსებ ქადაგიშვილი დანიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ და შემდგომ სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ. ერთი წლის განმავლობაში საგზაო მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერებში უკვე 9-ჯერ გაიმარჯვა კომპანია "სერპანტინმა", რომელსაც ჯამური ღირებულებით 15 მილიონი ლარი ხვდა წილად.

პირდაპირი შესყიდვის წესით კომპანიასთან გაფორმებულია რამდენიმე მილიონიანი ხელშეკრულებები. კომპანია "სერპანტინის" 51-პროცენტიანი წილის მფლობელია თამარ ჯანყარაშვილი, შს მინისტრის მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედა და შს გენინსპექციის უფროსის, თამაზაშვილის დისშვილის ახლო ნათესავი.

აღნიშნულმა კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარის მოცულობის ტენდერები შეასრულა. გასულ 8-9 წელში, ამ კომპანიის მიერ შესრულებული ტენდერების რაოდენობა არ აღემატებოდა მთლიანობაში 6 მილიონ ლარს", - თქვა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის თქმით, ოჯახურმა კლანმა ზეწოლის შედეგად დაგებული საფარის ერთადერთი შემმოწმებელი კომპანია აიძულა ქვეკონტრაქტორად აეყვანა შპს "ვილსფორტ მენეჯმენტი", რომლის ტექნიკური დირექტორი არის ელდარ ხუცაიძე. მისივე თქმით, ელდარ ხუცაიძის მამა არის შპს "სერპანტინის" 35%-იანი წილის მფლობელი და ინტერესთა კონფლიქტი ამაშიც იკვეთება.

"ასევე აღსანიშნიავია, რომ "ვილსფორტ მენეჯმენტის" 50%-იანი წლის მფლობელი არის კახა ბაინდურაშვილი, ძმები ჩხენკელების ბიზნესპარტნიორი და „ტვ 3"-ის მფლობელი. აკაკი ჩხენკელი არის შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად კი პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის რეგიონული სამსახურის უფროსი. ხოლო ლევან ჩხენკელი კი „ტვ 3"-ის ასევე ერთ-ერთი მფლობელია", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილი იმედოვნებს, რომ მის მიერ დასახელებული ფაქტებით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდებიან.

კომენტარები