ელიტური კორუფცია

ენმ პრემიერის ოჯახს კორუფციაში ადანაშაულებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრემიერმინისტრის ოჯახს კორუფციაში ადანაშაულებს. ენმ-ის განცხადებით, გამოვლინდა ირაკლი ღარიბაშვილსა და მის სიმამრ თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებული მსხვილი კორუფციული სქემა.

"კლანმა თავის კონტროლს ქვეშ მოაქცია ტენდერის გამომცხადებელი სტრუქტურა, შემსრულებელი ფირმები და შემმოწმებელი კომპანია. პრემიერის მეუღლის (თამაზაშვილის ქალიშვილის) ნუნუკა თამაზაშვილის ბიძაშვილი იოსებ ქადაგიშვილი დაინიშნა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ და სატენდერო კომისიის თავჯდომარედ. ერთი წლის განმავლობაში საგზაო მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერებში უკვე 9-ჯერ გაიმარჯვა შპს სერპანტინმა (ჯამური ღირებულება 15 მილიონი ლარი), მათ შორის, 12.5 მილიონი ლარის ტენდერები სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მას დაქვემდებარებულმა ორგანიზაციამ გამოაცხადა. გარდა ამისა, პირდაპირი შესყიდვის წესით კომპანიასთან გაფორმებულია რამდენიმემილიონიანი ხელშეკრულებები", - აცხადებს ნაციონალური მოძრაობა და აღნიშნავს, რომ კომპანია სერპანტინის 51%-ის მფლობელი 65 წლის თამარ ჯანყარაშვილი შს მინისტრის მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედა და შსს გენ. ინსპექციის უფროსის, თამაზაშვილის დისშვილის ზვიად ჯანყარაშვილის ახლო ნათესავია.

"აღნიშნულმა კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში მოიგო ჯამში 15 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ტენდერები (შედარებისთვის, გასული წლების განმავლობაში იგივე ფირმამ 6 მილიონი ლარის ოდენობის სახელმწიფო შეკვეთა შეასრულა ანუ საშუალოდ წელიწადში 20-ჯერ ნაკლები, ვიდრე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში). კლანმა ზეწოლის შედეგად აიძულა დაგებული საფარის შემმოწმებელი ერთადერთი ფირმა შპს საავტომობილო გზების რეაბილიტაციიისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია, რომ ქვეკონტრაქტორად აეყვანა შპს ვილსფორტ მენეჯმენტი, რომლის ტექნიკური დირექტორიც არის შპს სერპანტინის 31%-ის მფლობელის ნუგზარ ხუციაძის მამა ელდარ ხუციაძე. შპს ვილსფორტ მენეჯმენტის 50%-ის მფლობელი არის შპს TV3-ის თანამფლობელი და ძმები ჩხენკელების ბიზნესპარტნიორი კახა ბაინდურაშვილი. შსს გენინსპექციის ყოფილი მაღალჩინოსანი ანუ ზვიად ჯანყარაშვილის ყოფილი თანამშრომელი აკაკი ჩხენკელი ამჟამად პრემიერის კანცელარიის რეგიონული სამსახურის უფროსია, ხოლო ლაშა ჩხენკელი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცეპრეზიდენტი და შპს TV3-ის თანამფლობელი", - აცხადებს ნაციონალური მოძრაობა.

კომენტარები