არასამთავრობო ორგანიზაცია - მოქალაქე

ლომჯარია: ”მოქალაქემ” არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ გრანდიოზული გეგმები აქვს

netgazeti.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელის თქმით, მას არ დარჩა შთაბეჭდილება, რომ "მოქალაქეს" სამოქალაქო სექტორში გრანდიოზული გეგმები აქვს.

"ჩემთვის საინტერესო იყო ეს პრეზენტაცია, "მოქალაქის" სტრატეგიის და ხედვების მოსმენა, თუმცა ვფიქრობ, რომ თავდაპირველი განაცხადი უფრო ამბიციური იყო და დღევანდელმა პრეზენტაციამ არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ამ ორგანიზაციას სამოქალაქო სექტორში გრანდიოზული გეგმები აქვს. ყოფილი პრემიერმინისტრი ძალიან ხშირად აკეთებდა აქცენტს, რომ ორგანიზაციის მთავარი დანიშნულება იქნებოდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო სექტორის ფორმირება, რომელიც კონტროლს გაუწევდა ხელისუფლებას. თუმცა, კონკრეტულ საქმიანობებზე საუბრისას, მან დღეს აქცენტი გააკეთა უფრო სხვა მიმართულებებზე - სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების საკითხებზე, ტრეინინგებზე, გადამზადებაზე, სხვადასხვა დარგობრივ კვლევებზე, ანუ რეალურად, მომეჩვენა, რომ ამ ორგანიზაციის პირდაპირი მიზანი არ არის, იყოს მაკონტროლებელი ორგანიზაცია", - თქვა ლომჯარიამ. მისივე აზრით, ეს სწორი მიდგომაა.

"მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო სწორი მიდგომაა, რადგან ხელისუფლების საქმიანობის შესახებ იმ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიმართ, რომლის დამფუძნებელიც გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა, მე პირადად არ მექნებოდა ნდობა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ უფრო სწორი იქნება, თუ ამ ორგანიზაციის მხრიდან აქცენტი გაკეთდება სამოქალაქო განათლებაზე, სხვადასხვა დარგობრივი კვლევის ჩატარებაზე, გადამზადებაზე", - აღნიშნა ლომჯარიამ.

კომენტარები