ბიძინა ივანიშვილი

კოჟორიძე: ივანიშვილის ორგანიზაციას ხელისუფლების კრიტიკა შეიძლება გაუჭირდეს

Medianews

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციას ხელისუფლების კრიტიკა "შეიძლება ცოტა გაუჭირდეს".

"ფაქტობრივად, დღევანდელმა პრეზენტაციამ ეს შეიძლება, რაღაც კუთხით წარმოაჩინა. მაგალითად, მე ვგულისხმობ დღეს მოქმედი პრემიერის შეფასებას, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის დამოკიდებულება ეკონომიკის ვარდნისადმი იქნა გაკრიტიკებული. ანუ პრემიერი გაკრიტიკდა იმ შემთხვევაში, როდესაც თავად პრემიერს ჰქონდა რაღაც კრიტიკული დამოკიდებულება რაღაც საკითხისადმი. ეს შეიძლება, მიანიშნებდეს იმას, რომ შეუძლია გაუჭირდეს ხელისუფლების კრიტიკა. თუმცა, მეორეს მხრივ, შეიძლება მისი მიზანი სულაც არ იყოს ხელისუფლების კრიტიკა და სხვა მიმართულებებს ისახავდეს",- თქვა კოჟორიძემ.

კოჟორიძის თქმით, ზოგადად, როდესაც ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია ფუძნდება, ეს მისასალმებელია, იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას სჭირდება გაძლიერება.

კოჟორიძე არც იმას მიიჩნევს პრობლემად, თუ ახლადდაფუძნებული ორგანიზაცია კონკურენციას გაუწევს მის ორგანიზაციას, რადგან თვლის, რომ ჯანსაღი და სწორი კონკურენცია საჭიროა არა მხოლო ეკონომიკაში, ასევე სამოქალაქო სექტორში.

კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციასთან, კოჟორიძემ აღნიშნა, რომ საია-ს არასდროს ჰქონია დამოკიდებულება, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა გამოერიცხოს.

"თუ ჩვენ გვექნება საერთო ხედვები, საერთო მიდგომები, მაშინ ასეთი თანამშრომლობა, ორმხრივი სურვილის არსებობის შემთხვევაში, გამორიცხული არ არის. ჩემი გადმოსახედიდან, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება არის, რომ გვაქვს კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების მოქმედებებისადმი, რათა ამ ჯანსაღი კრიტიკით ჩვენ დავეხმაროთ ხელისუფლებას, რომ ადამიანის უფლებების წინაშე არსებული გამოწვევები მოგვარდეს და, ზოგადად, პროცესი გაჯანსაღდეს", - აღნიშნა კოჟორიძემ.

კოჟორიძის თქმით, დღევანდელ პრეზენტაციაზე მას "ეს კრიტიკული დამოკიდებულება დააკლდა".

"ამას შეიძლება თავისი ობიექტური ახსნები ჰქონდეს. კარგია, რომ ამ ორგანიზაციას ექნება მედიის განვითარების ინტერესი და მიმართულება. დავეთანხმები ბატონ ბიძინას იმაში, რომ მედიის განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მედიაში ახლა უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე სამი წლის წინ იყო, მისი გაძლიერება ნამდვილად კარგი იქნება. დღესაც ითქვა, რომ ძლიერი მედია უკეთესად გააკონტროლებს ხელისუფლებას. მე არ ვფიქრობ, რომ დღეს მედია არის ის სფერო, რომელიც ყველაზე მეტ კრიტიკას იმსახურებს. შესაბამისად, ამ კრიტიკის ობიექტი შესაძლებელია სხვა სფეროებში უფრო მეტი იყო", - თქვა კოჟორიძემ.

კომენტარები