ღარიბაშვილი ბრიუსელში

რომპუი: სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა იყოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული

ewea.org

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირის მიზანი მიმდინარე წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაა.

”ჩვენი მთავარი მიზანი ამ წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ჩათვლით, რომლის პარაფირებაც გასულ ნოემბერში მოვახდინეთ.

შევთანხმდით სუვერენული ქვეყნების საგარეო პოლიტიკის თავისუფლების პატივისცემაზე, რეგიონალურ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ვაჭრობაზე.

პრემიერმინისტრმა გამაცნო ძირითადი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, რაც საქართველოს პოლიტიკაში მოხდა - ახალი პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი, ახალი კონსტიტუცია. მე ვურჩიე, რომ ყურადღება გამახვილდეს პოლიტიკურ პლურალიზმსა და მედიის თავისუფლებაზე. სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა იყოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული, მიუკერძოებელი და დემოკრატიულ ფასეულობებთან შესაბამისი.

ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უმცირესობათა უფლებების დაცვა. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება მნიშვნელოვანია, რათა მივაღწიოთ პროგრესს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

ევროკავშირი მიესალმება საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მისიებში მონაწილეობის ჩარჩო შეთანხმების ხელმოწერას, რაც გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში და შესაძლებელს გახდის საქართველოს მონაწლეობას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში.

პრემიერმინისტრმა გამაცნო კონფლიქტის მოგვარების შესახებ ბოლო მიღწევები. ევროკავშირი მიესალმება დიპლომატიურ ურთერთობას საქართველოსა და რუსეთს შორის, როგორც მნიშვნელოვან კონტრიბუციას სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევის გზაზე.

მე კვლავ დავუდასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტის მოგვარების საკითხში”, - წერია რომპუის განცხადებაში.

ჰერმან ვან რომპუი და ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ერთმანეთს დღეს შეხვდნენ.

კომენტარები