ღარიბაშვილი ბრიუსელში

3 მარტს, საქართველოს შტეფან ფულე ეწვევა

Irakli Garibashvili Official/facebook

საქართველოს 3-4 მარტს ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე ეწვევა. პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილისა და შტეფან ფულეს დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, შტეფან ფულე მარტის დასაწყისში ბათუმში დაგეგმილ კონფერენციას დაესწრება. მისივე თქმით, იგეგმება კონფერენცია ბრიუსელშიც, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საკითხებს მიეძღვნება და ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნისთვის მოსამზადებელი პროცედურა იქნება.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისარმა შტეფან ფულემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ევროინტეგრაციის კურსზე ისაუბრეს.

"შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსადმი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს აგვისტოს თვისა მოეწერება", - თქვა ფანჯიკიძემ.

კომენტარები