ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ევროკავშირშიც შევალთ და რუსეთთანაც დავალაგებთ ურთიერთობას

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапова / Forbes

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებლის და ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, სწორი ქმედებებით საქართველო ევროკავშირშიც შევა და რუსეთთანაც დაალაგებს ურთიერთობას.

"ჩემი, როგორც მოქალაქის, დიდი სურვილია დავბრუნდეთ ჩვენს ოჯახში, ევროპაში. ჩვენი ევროპული ფასეულობები ვაჟამდეც და ვაჟაშიც გამოკვეთილად ჩანს. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ევროპა მათ აღმოაჩინეს, სწორედ ამ ფასეულობებს თელავდა ფეხქვეშ. ჩვენ გვინდა, რომ ამ ფასეულობებით გავამდიდროთ ქვეყანა და ვიცხოვროთ. მე ვერ ვხედავ ძალას, რომელიც ევროკავშირში დაბრუნებას ხელს შეუშლის, რადგან ეს არის ჩვენი სტრატეგია. ამავდროულად, ჩვენ ყველა მეზობელთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა, მათ შორის, რუსეთთან. ოლიმპიადა ამის კარგი საშუალებაა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს.

"ბოკერიები და ვიღაცეები ისევ გადმოხტებიან და იტყვიან - აი, ნახე, რაღაც უნდაო. არაფერი არ გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს სრულყოფილი, ძლიერი. ამისთვის აუცილებელია მაქსიმალურად გვქონდეს ურთიერთობა ყველა მეზობელთან. ეს არ არის შეუძლებელი. ევროკავშირშიც შევალთ და რუსეთთან დავალაგებთ ურთიერთობებს, თუ სწორ ქმედებებს განვახორციელებთ. ოლიმპიადაში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მივიღოთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები