ბიძინა ივანიშვილი

ნათელაშვილი: რედისონში თამაშდება სპექტაკლი სახელწოდებით "გადაგდება #2”

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს 41 შეკითხვა გაუგზავნა. შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტული პატრიის წევრებთან ერთად სასტუმრო რედისონთან იმყოფებოდა, სადაც ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციის - მოქალაქის პრეზენტაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილი ტელედებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.

"მე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ივანიშვილს დაბადებიდან არ ჰქონია შუბლის ძარღვი. დღეს ამ შენობაში თამაშდება სპექტაკლი სახელწოდებით "გადაგდება #2". საქართველოს ფაქტიური მმართველი, ჩვენი მომტყუებელი, დამანგრეველი, გამღატაკებელი, ნაცმოძრაობის გადამრჩენი, მაგივრად იმისა, რომ დადიოდეს თავისივე განადგურებულ ქვეყანაში ოჯახ-ოჯახ, თავს გვაჩვენებს, რომ ვითომ არაფერი შეუძლია საწყალი სამოქალაქო სექტორის გარდა და მის პრეზენტაციას აწყობს აქ", - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის გაგზავნილი 41 შეკითხვა ძალიან საინტერესოა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აღელვებს. ლეიბორისტების ლიდერს აინტერესებს, "სად არის დაპირებული ინვესტიციები, დაბალპროცენტიანი კრედიტები, გადავადებული საბანკო ვალები, სად არის გაზრდილი პენსიები, გაზრდილი ხელფასები, უფასო განათლება, უფასო ჯანდაცვა, რუსეთთან დაწყობილი ურთიერთობა".

ნათელაშვილის მტკიცებით, ხუდონჰესი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესობიექტია, რომელიც ოფშორშია დარეგისტრირებული. ლეიბორისტების ლიდერის მტკიცებით, ხუდონის მშენებლობაზე შეკვეთა თურქეთის კორპორაციებიდან მოდის, რადგან აღნიშნული ელექტროენერგია სწორედ მათ სჭირდებათ.

ნათელაშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ბიუჯეტზეც ისაუბრა.

"ცხოვრება შეუძლებელი ხდება ხალხისთვის, მაგრამ ცხოვრება საამური და სანატრელი ხდება მისი ბანდისთვის, კახა კალაძისთვის, ხადურისთვის, რომელმაც ყბის ქვეშ მოიქცია მთელი ჩვენი ბიუჯეტი და "ჭამე ნოდარი" დაირქვა სახელად; გელაშვილებისთვის, რომელმაც სპირტის კონტრაბანდიდან დაწყებული ბორდელით დამთავრებული ყველაფერი გახსნეს ტრასაზე. ონოფრიშვილებისთვის, რომლებიც ისედაც აკეთებდნენ მილიონებს სააკაშვილი-შევარდნაძის მთავრობაში და ქართუ ბანკის უფროსებისთვის, რომლებიც დღეს გახდნენ გუბერნატორები, გამგებლები და მინისტრები, ... ცხოვრება საამურია", - აღნიშნა ნათელაშვილმა. მისივე თქმით, მოვა დრო, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი თავისი სასახლიდან გარეთ არ გამოუშვებს.

კომენტარები