ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ეჭვიც არ მეპარება, რომ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას

france24.com/

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა, გამორიცხულია თუ არა ის, რომ საქართველომ უარი თქვას ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

ივანიშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია. თუმცა, ამ საკითხს ღრმად ვერ განიხილავს, რადგან პოლიტიკაში აღარ არის.

"რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, რა თქმა უნდა, შემშფოთებელია ჩვენთვის. უკრაინა არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, მოქალაქეები რომ დაიღუპნენ, სამწუხაროა და მინდა სამძიმარი გამოვთქვა დღესაც. სამწუხაროა ისიც, რომ უკრაინამ ვერ მოახერხა ამ ეტაპზე, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. მე უფრო ღრმად არ წავიდოდი, მე პოლიტიკაში აღარ ვარ დღეს. თავს უფლებას არ მივცემ, სხვა სახელმწიფოს მივანიშნო და მივუთითო იმ პროცესებზე, რაც შეიძლება არ იყოს დემოკრატიული და არ იყოს მოსაწონი ჩვენთვის.

მე იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ ამ ხელშეკრულებას და ვერავითარი ძალისხმევა და ძალადობა ჩვენ ამაში ხელს ვერ შეგვიშლის. მე კარგად შემიძლია ანალიზი და ვაცნობიერებ, რეალურად რა შეიძლება მოჰყვეს ამას, როგორი შეიძლება იყოს მცდელობები. გარწმუნებთ, რომ საქართველოს ჰყავს უპრეცედენტოდ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება დღეს და, რაც მთავარია, დამოუკიდებელი ხელისუფლება ჰყავს. არავითარი რეალური ძალა არ არსებობს, რომ ჩვენ ვერ მოვახერხოთ და ხელი ვერ მოვაწეროთ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას", - თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, რუსეთის გარდა, შეიძლება, არსებობდნენ სხვა ძალები ქვეყნის შიგნით, რომლებიც ასოცირების პროცესის ხელის შეშლას ეცდებიან. "რა ძალები იქნება, გამოჩნდება პროცესში", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები