26 მაისის საქმე

მერაბიშვილი: 2007 წლის აქციის დაშლის ინიციატორი ბადრი ბიწაძე იყო

Reuters

ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ნინო ბურჯანაძეს დღევანდელ პროცესზე 26 მაისის საქმეზე მიცემული ჩვენებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მერაბიშვილმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, ბურჯანაძის ჩვენება დაცვის მხარეს ძალიან გამოადგება.

"ყველამ გავიგეთ, რა მიზანი ამოძრავებდა და როგორ მიმდინარეობდა მიტინგი. მისი ჩვენება კარგად გამოადგება დაცვას", - განაცხადა მერაბიშვილმა და ნინო ბურჯანაძეს 2007 წლის ნოემბრის აქციის დაშლა შეახსენა.

"ამაში უკანონო არაფერი იყო, თუმცა 2007 წლის აქციის დაშლის ინიციატორი ბადრი ბიწაძე იყო", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე დაკითხეს. ბურჯანაძე ბრალდების მხარის მოწმედ ითვლება, რომელმაც დღევანდელ პროცესზე 26 მაისის დაშლა სადამსჯელო ღონისძიებად შეაფასა და განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის გარდა, აღნიშნულ საქმეში მიხეილ სააკაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ ბრალდებულები. მან გაიხსენა 26 მაისის აქციის დაშლა და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ეს მიტინგის დაშლა არ ყოფილა.

კომენტარები