26 მაისის საქმე

ბოკერია: ნინო ბურჯანაძის განცხადებები სრული სისულელეა

ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის წევრის გიგა ბოკერიას თქმით, სრული სისულელეა ნინო ბურჯანაძის განცხადება, რომ ის აგვისტოს ომის დროს ხელისუფლებაში არ იმყოფებოდა და პარტიას საერთაშორისო ურთიერთობებში ეხმარებოდა. ასევე სისულელეა ის, რომ ხელისუფლება 2008 წლის აპრილში აფხაზეთთან ომის დაწყებას აპირებდა. აღნიშნული ბოკერიამ ბურჯანაძის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ თქვა.

"აბსოლუტური სისულელეა, ეს არის თავხედური და ცინიკური ტყუილი, თითქოს 2008 წლის აპრილში ხელისუფლება აფხაზებთან ომის დაწყებას აპირებდა, აბსოლუტური სისულელეა ასევე, თითქოს იგი ხელისუფლებაში აღარ იყო და აგვისტოს ომის დროს ხელისუფლებას ეხმარებოდა საერთაშორისო ურთიერთობებში", - თქვა გიგა ბოკერიამ.

დღეს ნინო ბურჯანაძემ სასამართლოს ჩვენება მისცა, სადაც განაცხადა, რომ როდესაც ხელისუფლებიდან წავიდა, აგვისტოს თვეში, მიხეილ სააკაშვილმა დახმარება სთხოვა.

"ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი, ვაგზავნიდი მეილებს საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ვთხოვდი მათ დახმარებას. თუმცა, მე არსად არ ვჩანდი, ჩემი ინტერვიუები არსად არ გადიოდა, დისკრედიტაცია კი დაიწყო მას შემდეგ, რაც როიტერს მივეცი ინტერვიუ და ვთქვი, რომ ახლა შეკითხვების დრო არ არის, მაგრამ დადგებოდა კითხვებზე პასუხებზე გაცემის დრო. სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ დაიწყო ჩემი დისკრედიტაცია. მიხეილ სააკაშვილმა შეკრიბა ხალხი და მათ უთხრა, რომ ვინც აღნიშნულ კითხვებზე და მათ პასუხებზე ისაუბრებდა, ის გამოეცხადებინათ ქვეყნის მოღალატეებად და რუსეთის აგენტებად", - აღნიშნა ბურჯანაძემ. მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოში უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ჩვენი ერთი ჯარისკაცი რუსების 50-ს უდრის.

"მე მას ვუთხარი, რით გაუმკლავდებოდა რუსეთს. მან თქვა, რომ მათ დაჟანგებული ტექნიკა აქვთ, ჩვენ კი - კარგი. სიმართლე გითხრათ, ბრალდებული მერაბიშვილი დიდი ენთუზიაზმით ამ შემთხვევაში არ გამოირჩეოდა, თუმცა ჩემი დამსახურებაა, რომ 2008 წლის აპრილში აფხაზეთთან ომი არ დავიწყეთ", - თქვა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები