მუხროვანის ამბოხი

ოთანაძე და კობალაძე ვანო მერაბიშვილის დღევანდელ განცხადებას სიცრუეს უწოდებენ

კობა კობალაძე

მუხროვანის ამბოხებაში მონაწილეობის ბრალდებით გასამართლებული პირები კობა ოთანაძე და კობა კობალაძე ვანო მერაბიშვილის დღევანდელ განცხადებას სიცრუეს უწოდებენ. ოთანაძის თქმით, ვანო მერაბიშვილი თავის მართლებასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლას ცდილობს.

"ეს ხომ ტყუილია. ყველა ამ ბრალდებას უარვყოფ. მერე სად არიან ეს რუსი მრჩევლებიო? ან რა რუსი მრჩევლები ან ვინ მოკლა, სად არის მათი გვამები. ჭკუაზე აღარ არის, შეიშალა მგონი ჭკუიდან. ეს უბრალოდ ტყუილია. უბრალოდ თავის გამართლება უნდა მაგ ადამიანს. შეიცვალა სიტუაცია და აეწვათ ყველაფერი. მსგავსი განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ გამოძიებას შეუშალოს ხელი. ასევე ვფიქრობ და ვრჩები იმ აზრზე, რომ გუშინ გავრცელებულ ვიდეოში მე და გია კრიალაშვილს გგვგულისხმობდა", - აღნიშნა ოთანაძემ.

კობა კობალაძის თქმით კი, ვანო მერაბიშვილმა თუ ამდენი იცის, მაშინ რუსი მრჩევლების კონკრეტული სახელები და გვარები უნდა დაასახელოს და თქვას, სად არის მათი გვამები.

"რომელი რუსის გვამების ითხოვს, რა გვამებს ითხოვს. თუ ამდენი იცის, რომ ორი რუსი მრჩეველი იქნა მოკლული, კონკრეტული სახელები და გვარები თქვას მათი, კონკრეტულად სად იყვნენ ეს მრჩევლები და ვინ მოკლა. ვანო მერაბიშვილის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. იარაღი არ იყო გამოყენებულიო, ეს აუხსნას კრიალაშვილის, ამირიძის და ოთანაძის ოჯახებს და თვითონ ამ ბიჭებს. დაიწყება სასამართლო და სასამართლო დაადგენს ბრალეულობას", - აღნიშნა კობალაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დავალება ამბოხებულთა მიერ ლიკვიდირებული რუსი მრჩევლების გვამების პოვნა იყო. 

”ჩვენი ინფორმაციით, აჯანყებაში მონაწილეობდა კიდევ ორი რუსი მრჩეველი და კვალის დაფარვის მიზნით, შეთქმულების ორგანიზატორებმა მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. ამ ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ბრძანებას ამ ორი ადამიანის გვამის პოვნის შესახებ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის. რაც შეეხება ინტერპრეტირებას, რომ თურმე ეს არის მკვლელობის შეკვეთა, მინდა გითხრათ, რომ ამ განცხადებიდან, რომელიც თქვენ მოისმინეთ, ერთ საათში. სოფელ მუხროვანთან ჩვენი დანაყოფების მიერ დაკავებულ იქნა რამდენიმეკაციანი ე.წ. რეინჯერების ჯგუფი -  5-7 ადამიანი, თუ არ ვცდები. და არცერთი მათგანის წინააღმდეგ არ იქნა გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი და არცერთი მათგანი არ დაჭრილა.

რაც შეეხება ამ თემის მიბმას 3 კვირის თავზე ჩატარებულ ოპერაციასთან გლდანში, ოთანაძის და მისი ჯგუფის დაკავების შესახებ, ამის მიბმა არის ხელოვნური, უფრო მეტიც, ის დანაყოფი, რომელმაც ჩაატარა ოთანაძის დაკავების ოპერაცია, საერთოდ არ იმყოფებოდა მუხროვანის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის დროს. აქედან გამომდინარე, არავითარი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის არ არსებობს. ყველა მასალა ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც პირველის, ასევე მეორე ოპერაციის, რომელთა ერთმანეთში გადაბმასაც პოლიტიკოსები ცდილობენ. მინდა, მოვუწოდო პროკურატურას, შესაბამის ორგანოებს, მიუკერძოებლად შეისწავლონ ეს საკითხი. მე ვარ ცამდე მართალი ამ საქმეში. მე ღმერთმა მარგუნა 2008 წლის ომის დროს, ასევე ამ აჯანყების დროს, ვყოფილიყავი ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი. ჩემს სიმტკიცეზე დიდად იყო დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და გადარჩენა. მე არასდროს გამიცია ბრძანება არცერთი ადამიანის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. 

როცა დააკავეს ოთანაძე, მაშინ დაიჭრა ოთანაძე და ამირიძეც, მინდა გითხრათ, რომ მე ვთხოვე ჩემს მეგობარ გივი თარგამაძეს, დაერეკა საავადმყოფოში და ეთხოვა, განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ ამ ადამიანებისთვის. არა მარტო იმიტომ, რომ ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, არამედ იმიტომ, რომ  ესენი იყვნენ მატარებელი ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციის, თუ როგორ დაგეგმეს რუსულმა სპეცსამსახურებმა საქართველოში აჯანყება", - თქვა მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე.

კომენტარები