მუხროვანის ამბოხი

ხმალაძე: კრიალაშვილის მკვლელობის გამო გამოძიება უნდა დაიწყოს

ეს კადრები საკმარისია იმისთვის, რომ კრიალაშვილის მკვლელობის გამო გამოძიება დაიწყოს. ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა ვახტანგ ხმალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს კომენტირებისას განაცხადა. "სამართლის თვალსაზრისით, ეს კადრები არის პირდაპირი მტკიცებულება უკანონო მოქმედებისა და საყოფაცხოვრებო ენით თუ ვიტყვით, ეს არის ამორალური ქმედება", - აღნიშნა ხმალაძემ.

ხმალაძის თქმით, ბრძანების გაცემა პირის ლიკვიდაციის შესახებ არავის აქვს, ხოლო იარაღის გამოყენება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა სხვა გზით ვერ ხერხდება. "მოგეხსენებათ, საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, შესაბამისად, მკვლელობის ბრძანება ეს არ არის კანონის აღსრულება, ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება. როდესაც ხდება ვთქვათ, რომ პირი არის დამნაშავე, ამ დროს საჭიროა ამ პირის დაკავება, გამოძიების ჩატარება და ყველა დამნაშავის გამოვლენა და არა პირის მოკვლა. მოკლული ჩვენებას ვერ მოგცემთ და დანაშაულიც ვერ გაიხსნება ბოლომდე", - აღნიშნა ხმალაძემ. მისივე თქმით, იარაღის გამოყენება, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს ლეტალური შედეგი, ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ სხვა გზით დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა ვერ ხერხდება. 

ცნობისთვის, გუშინ Youtube-ზე 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა. ვიდეომასალის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. მის განმთავსებელს სხვა ვიდეო საკუთარ ანგარიშზე ატვირთული არ აქვს.

შეგახსენებთ, 2009 წლის 5 მაისს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ განაცხადა, რომ მუხროვანში განთავსებულმა სატანკო ბატალიონმა ამბოხება მოაწყო. მანამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩაშალა "სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხების გეგმა, რომელიც კოორდინირებული იყო რუსეთთან" და რომლის ორგანიზატორებიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ. ამასთან, გაავრცელა ფარული ვიდეოჩანაწერი თუ როგორ იგეგმებოდა მუხროვანის ამბოხი.

ოფიციალური ინფორმაციით, მუხროვანის ინციდენტის შემდეგ, სამხედრო ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულებმა - გია კრიალაშვილმა, კობა ოთანაძემ და ლევან ამირიძემ ალყაშემორტყმული მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან გაპარვა მოახერხეს და მათ პოლიცია 16 დღის განმავლობაში ეძებდა. სამინისტრომ 50 000 ლარის ოდენობის ჯილდო დააწესა ძებნილების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. თუმცა, მოგვიანებით ოთანაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის თანხა 200 000 ლარამდე გაიზარდა.

2009 წლის 21 მაისს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინა ღამეს, სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა მუხროვანის ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გია კრიალაშვილი, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე დაიჭრნენ.

"ძებნილებმა პოლიციას გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა, ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა გია კრიალაშვილი, დაიჭრა კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე, რომლებიც დაკავებულები და მოთავსებულები არიან საავადმოფოში", - აცხადებდა მაშინ შსს.

მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა საქმის გამოძიება ცხრა თვეში დასრულდა. მოსამართლემ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს - ლევან ამირიძეს 28 წლით, კობა ოთანაძეს - 29 წლით, მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს - შოთა (მამუკა) გორგიაშვილს კი 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამივე მათგანს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით.

დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ. ისინი ახალმა ხელისუფლებამ 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრების სტატუსით გაათავისუფლა. 

კომენტარები