მუხროვანის ამბოხი

საია: მერაბიშვილის მიერ გაცემული ბრძანება აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

მერაბიშვილის მიერ სპეცრაზმელებისათვის მიცემული დავალება აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს - ამის შესახებ საიას სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც გუშინ სოციალურ ქსელსა და მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს და დაადგინოს, წინასწარ იქნა თუ არა მიზნად დასახული რომელიმე ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. საიას განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ დაუშვებელია, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა სპეცოპერაციის მიზანს წარმოადგენდეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გუშინ სოციალურ ქსელსა და მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ივანე მერაბიშვილი, შემდეგი სიტყვებით მიმართავს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელებს: "მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსო, პრემია დიდია".

ვიდეომასალაში ასახულია სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ირკვევა, რომ ვიდეომასალა უკავშირდება 2009 წელს მუხროვანის მოვლენების მონაწილე პირთა წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციას, რის შედეგადაც გარდაიცვალა გია კრიალაშვილი და მძიმედ დაიჭრა ორი ადამიანი. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში იქნენ მიცემული და გამამტყუნებელი განაჩენები დადგა მუხროვანის მოვლენებში მონაწილე რამდენიმე პირის მიმართ.   

ივანე მერაბიშვილის მიერ სპეცრაზმელებისათვის მიცემული დავალება აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. როგორც ცნობილი გახდა, პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. ვიდეომასალის ავთენტურობის გარკვევის შემდეგ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ როგორ დაიგეგმა მუხროვანის სპეცოპერაცია, როგორ მოხდა მისი განხორციელება და წინასწარ იქნა თუ არა მიზნად დასახული რომელიმე ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. გამოძიება უნდა წარიმართოს ყოველმხრივ და გაირკვეს არა მხოლოდ ივანე მერაბიშვილის ბრალეულობის საკითხი, არამედ ვიდეომასალაში ასახული სხვა პირების ქმედებაში არის თუ არა დანაშაულის ნიშნები.      

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყოველთვის არსებობდა შეკითხვები მუხროვანის მოვლენების მონაწილეთა მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენების კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. თუმცა, პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, მის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი თუ განხორციელებული სპეცოპერაციის მიზანი უნდა იყოს შესაძლო მსხვერპლის თავიდან აცილება, მთელი ძალისხმევის იქით მიმართვა, რომ მოხდეს სავარაუდო დამნაშავეთა დაკავება და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. დაუშვებელია, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა სპეცოპერაციის მიზანს წარმოადგენდეს", - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, გუშინ Youtube-ზე 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებში სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის, დათა ახალაია, მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ. ვიდეომასალის მიხედვით, მალევე ვერტმფრენით ჩამოდის და მათ უერთდება იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

"დავკითხოთ ვიღაცები, სად წავიდნენ... და ფეხდაფეხ მივყვეთ. მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია", - ასე მიმართავს ვანო მერაბიშვილი იქ მყოფ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს, შემდგომში სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს და სხვადასხვა მიმართულებით აგზავნის. ვიდეომასალის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. მის განმთავსებელს სხვა ვიდეო საკუთარ ანგარიშზე ატვირთული არ აქვს.

შეგახსენებთ, 2009 წლის 5 მაისს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ განაცხადა, რომ მუხროვანში განთავსებულმა სატანკო ბატალიონმა ამბოხება მოაწყო. მანამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩაშალა "სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხების გეგმა, რომელიც კოორდინირებული იყო რუსეთთან" და რომლის ორგანიზატორებიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ. ამასთან, გაავრცელა ფარული ვიდეოჩანაწერი თუ როგორ იგეგმებოდა მუხროვანის ამბოხი. 

ოფიციალური ინფორმაციით, მუხროვანის ინციდენტის შემდეგ, სამხედრო ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულებმა - გია კრიალაშვილმა, კობა ოთანაძემ და ლევან ამირიძემ ალყაშემორტყმული მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან გაპარვა მოახერხეს და მათ პოლიცია 16 დღის განმავლობაში ეძებდა. სამინისტრომ 50 000 ლარის ოდენობის ჯილდო დააწესა ძებნილების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. თუმცა, მოგვიანებით ოთანაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის თანხა 200 000 ლარამდე გაიზარდა.

2009 წლის 21 მაისს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინა ღამეს, სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა მუხროვანის ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გია კრიალაშვილი, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე დაიჭრნენ.

"ძებნილებმა პოლიციას გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა, ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა გია კრიალაშვილი, დაიჭრა კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე, რომლებიც დაკავებულები და მოთავსებულები არიან საავადმოფოში", - აცხადებდა მაშინ შსს.

მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა საქმის გამოძიება ცხრა თვეში დასრულდა. მოსამართლემ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს - ლევან ამირიძეს 28 წლით, კობა ოთანაძეს - 29 წლით, მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს - შოთა (მამუკა) გორგიაშვილს კი 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამივე მათგანს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით. დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ. ისინი ახალმა ხელისუფლებამ 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრების სტატუსით გაათავისუფლა.

კომენტარები