მუხროვანის ამბოხი

კოჟორიძე: შეიძლება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთანაც გვქონდეს საქმე

კახა კოჟორიძე
timer.ge

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის შეფასებით, გუშინ Youtube-ზე გავრცელებული კადრები გამოძიებისთვის საინტერესო მასალაა. მისი თქმით, პირველ რიგში, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვიდეოს ავთენტურობა. კოჟორიძის განცხადებით, ამის შემდეგ, გამოძიება უნდა დაფიქრდეს - რა ტიპის დანაშაული შეიძლება გამოიკვეთოს იმ ქმედებასა და იმ სიტყვებში, რაზეც იყო საუბარი.

"ორი გვამი მჭირდება" - მაშინ როცა ამ ქმედებებს მოჰყვა რამდენიმე ადამიანის გარდაცვალება, მართლაც დამაფიქრებელი ამბავია. აქ შეიძლება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთანაც გვქონდეს საქმე, მაგრამ ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს", - ამბობს კოჟორიძე.

ცნობისთვის, გუშინ Youtube-ზე 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებში სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის, დათა ახალაია, მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ. ვიდეომასალის მიხედვით, მალევე ვერტმფრენით ჩამოდის და მათ უერთდება იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

"დავკითხოთ ვიღაცები, სად წავიდნენ... და ფეხდაფეხ მივყვეთ. მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია", - ასე მიმართავს ვანო მერაბიშვილი იქ მყოფ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს, შემდგომში სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს და სხვადასხვა მიმართულებით აგზავნის. ვიდეომასალის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. მის განმთავსებელს სხვა ვიდეო საკუთარ ანგარიშზე ატვირთული არ აქვს.

შეგახსენებთ, 2009 წლის 5 მაისს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ განაცხადა, რომ მუხროვანში განთავსებულმა სატანკო ბატალიონმა ამბოხება მოაწყო. მანამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩაშალა "სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხების გეგმა, რომელიც კოორდინირებული იყო რუსეთთან" და რომლის ორგანიზატორებიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, მუხროვანის ინციდენტის შემდეგ, სამხედრო ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულებმა - გია კრიალაშვილმა, კობა ოთანაძემ და ლევან ამირიძემ ალყაშემორტყმული მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან გაპარვა მოახერხეს და მათ პოლიცია 16 დღის განმავლობაში ეძებდა. სამინისტრომ 50 000 ლარის ოდენობის ჯილდო დააწესა ძებნილების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. თუმცა, მოგვიანებით ოთანაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის თანხა 200 000 ლარამდე გაიზარდა.

2009 წლის 21 მაისს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინა ღამეს, სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა მუხროვანის ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გია კრიალაშვილი, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე დაიჭრნენ.

"ძებნილებმა პოლიციას გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა, ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა გია კრიალაშვილი, დაიჭრა კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე, რომლებიც დაკავებულები და მოთავსებულები არიან საავადმოფოში", - აცხადებდა მაშინ შსს.

მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა საქმის გამოძიება ცხრა თვეში დასრულდა. მოსამართლემ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს - ლევან ამირიძეს 28 წლით, კობა ოთანაძეს - 29 წლით, მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს - შოთა (მამუკა) გორგიაშვილს კი 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამივე მათგანს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით. დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ. ისინი ახალმა ხელისუფლებამ 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრების სტატუსით გაათავისუფლა.

კომენტარები