უგულავა სტრასბურგში

უგულავა: საქართველოს შეუძლია შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა

თბილისის უფლებამოსილებაშეწყვეტილი მერი გიგი უგულავა ევროპის სახალხო პარტიის შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა. მან უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება. უგულავამ ევროპის საპარლამენტო ასამბლეის წევრებს გააცნო 2012 წლის საპარლამენტო არჩვენების შენდეგ საქართველოში არსებული ვითარება და ასევე დეტალურად განმარტა, თუ როგორ შეუჩერეს დედაქალაქის არჩეულ მერს უფლებამოსილება. ტექსტი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა.

გიგი უგულავა იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაიცავს უკრაინელი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ არჩევანს. მისი შეფასებით, საჭიროა, რომ ევროკავშირმა შესაბამისი ეფექტური პასუხი გასცეს პუტინის კამპანიას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ შეაფერხოს რუსეთის მეზობელი ქვყნების სწრაფვა ევროკავშირის, დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ. 

"წინააღმდეგ შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინის დისკურსი იმის შესახებ, რომ რუსეთსა და მის სამეზობლოში დემოკრატია უბრალოდ შეუძლებელია, მეტ ლეგიტიმაციას შეიძენს. ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებული რადიკალური რეფორმების შედეგად, საქართველომ თითქმის შეძლო პუტინის პარადიგმის გაქარწყლება. დღეს ჩვენ მოველით ჩვენი მეგობრებისგან, რომ დაეხმარონ საქართველოს მისი დემოკრატიული მიღწევების შენარჩუნებაში, რომელთაც დღეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. პირველად ქვეყნის ისტორიაში ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილება იყო პოზიტიური ნაბიჯი და იმ პოლიტიკური სისტემის ტესტი, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ იქმნებოდა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი იმ რეგიონისთვის, სადაც მთავრობები ჩვეულებრივ არ იცვლებიან არჩევნების გზით. სამწუხაროდ, ცვლილების შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა არათუ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ეს პრეცედენტი, არამედ შექმნას კიდევ უფრო სახიფათო მაგალითი მთელი რეგიონისთვის. სამწუხაროდ, ახალმა მმართველმა ძალამ გადაწყვიტა აწარმოოს მასობრივი პოლიტიკური შურისძიების კამპანია წინა ხელისუფლების მიმართ და არ მიიჩნიოს ის ლეგიტიმურ ოპოზიციად. მრავლად გვაქვს მაგალითები იმისა, თუ როგორ უარყოფენ ყოფილი და ახლანდელი პრემიერმინისტრები ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, როგორც მთავარ ოპოზიციურ ძალას. ახლახან პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას არ სმენია ნაციონალური მოძრაობის, როგორც ოპოზიციური ძალის შესახებ, და მას „ნეოფაშისტური წარმონაქმნი“ უწოდა", - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, ხალხის მიერ არჩეული ადგილობრივი ხელისუფლება თითქმის მთლიანად ჩაიგდო ხელში ახალმა ხელისუფლებამ არჩევნების გარეშე, სამართლებრივი დევნის, შერჩევითი სამართლის, რეგულარული დაკითხვებისა და გამოძიებების გზით.

"შერჩევითი სამართლის ნათელი მაგალითია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი საკრებულოების ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი წევრების მიმართ დაუყოვნებლივ წყდება სისხლის სამართლის საქმე მათი სახელისუფლებო პარტიაში გადასვლის შემთხვევაში. ამის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს თბილისის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, რომელიც თავად იმყოფებოდა გამოძიების ქვეშ. ნაციონალური მოძრაობის ბევრ სხვა ყოფილ თანამდებობის პირთან ერთად, 2013 წლის დასაწყისიდან ჩემს მიმართაც ხორციელდება სამართლებრივი დევნა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ მიერ ჩემს წინააღმდეგ აღძრული ყველა საქმე, სისუსტის გამო ხელიდან ეცლება, მთავრობა ახალი ბრალდებებს თხზავს. სწორედ ამ გზით უკვე რვა თვის განმავლობაში ყოველგვარი სასამართლო განაჩენის გარეშე ჩვენი ლიდერი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ერთ-ერთი ამ არასერიოზული ბრალდების შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა ჩემთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ, სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ, კვირა ღამის 1 სთ-ზე, ზეპირი მოსმენის ან დაცვის მხარის მოსმენის გარეშე, იმავე მოსამართლემ შეაჩერა ჩემი, როგორც მერის უფლებამოსილება", - თქვა უგულავამ სიტყვით გამოსვლისას.

მისივე შეფასებით, "ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახიფათო ტენდენციაა ანტიდასავლური რადიკალური ჯგუფების გაძლიერება, რომელთა იდეოლოგია ხშირად პირდაპირ კავშირშია მმართველი კოალიციის ბირთვთან". უგულავა აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების კოალიციის ძირითადი ბირთვი არ არიან რესპუბლიკელები ან თავისუფალი დემოკრატები, რომლებიც ხშირად იმყოფებიან სტრასბურგში. უფლებამოსილებაშეწყვეტილი მერის თქმით, რესპუბლიკელების და თავისუფალი დემოკრატების გავლენა მათ პოლიტიკურ გუნდში მინიმალურია.

"ბირთვია ადამიანები, რომლებიც ცნობილნი არიან სკეპტიციზმით დასავლეთის მიმართ ან ანტიდასავლური ქსენოფობიური განწყობებითა და სიძულვილის ენით. ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ გავხდით სხვადასხვა უმცირესობების - ეთნიკური, რელიგიური და სხხვა ჯგუფების მიმართ ძალადობის მოწმე. ყველა ეს ძალადობრივი აქტი განმეორებით ჩაიდინეს იმ ლიდერებმა, რომლებსაც რეგულარულად ახალისებდნენ ქართული ოცნების ლიდერები. ამჟამად, ამ ძალებს აკავებს პროდასავლური ოპოზიცია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და საზოგადოებრივი აზრი. ნაციონალური მოძრაობის განადგურების შემთხვევაში, რაც წარმოადგენს ქართული ოცნების საჯაროდ დეკლარირებულ მიზანს, ამ ჯგუფების გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება", - აცხადებს უგულავა და აღნიშნავს, რომ "ამ დემოკრატიული უკუსვლის შეჩერება, რომლის შედეგადაც მთელი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ინსტიტუტი დაემხო, შესაძლებელია". მისი შეფასებით, ამ საქმეში ქვეყნის მოკავშირე ჯერ კიდევ პროევროპული საზოგადოებრივი აზრია. 

"დღეს საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, ოპოზიცია, რომელიც არათუ ეჭვქვეშ არ აყენებს მთავრობის ლეგიტიმურობას, არამედ მხარს უჭერს კიდეც მას, როდესაც ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეხება. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების ეგზითპოლების გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, რომელიც ამ დარბაზში ზის, აღიარა შედეგები და მიულოცა გამარჯვებულს, რაც არასდროს მანამდე არ მომხდარა. ამგვარი საქციელი ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციის საქციელთან მნიშვნელოვან კონტრასტში მოდის. ახლახან, ევროკავშირის რეგიონების კომიტეტისა და ევროსაბჭოს რეგიონების კონგრესმა გააკეთა მკაფიო განცხადებები და დაგმო საქართველოში პირდაპირი წესით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენების ფაქტი. თუნდაც ამ განცხადებებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საქართველოს შეუძლია შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა, განაგრძოს დემოკრატიული განვითარების გზა და იქცეს წარმატებულ მაგალითად", - განაცხადა გიგი უგულავამ სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები