ადამიანის უფლებები

რამდენიმე მოქალაქე პოლიციელებს ცემასა და წამებაში ადანაშაულებს

კახა კოჟორიძე, შიო კობიძე და მისი ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი
საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ბოლო პერიოდში საიას პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ რამდენიმე მოქალაქემ მიმართა. ერთ-ერთი მათგანი საუბრობს წამებაზე. თითოეულ შემთხვევაში საიას ადვოკატები უშუალოდ შეხვდნენ მოქალაქეებს. მათ მიერ დაწერილ დეტალურ ახსნა-განმარტებებში არსებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა სახის დანაშაულის ნიშნებს და აუცილებელია ყველა მათგანი დაუყოვნებლივ იქნეს სათანადოდ გამოძიებული.

საიას ცნობით, მოქალაქე ლაშა შათირიშვილი 2013 წლის 24 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედება, რაც ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შენახვას გულისხმობს. მისი თქმით, დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, აღნიშნულის შესახებ განცხადების შემთხვევაში ნარკოტიკის დადებით დაემუქრნენ. ლაშა შათირიშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოქალაქის სხეულზე არსებულ ფიზიკური ძალადობის კვალს რუსთავის საქალაქო საავადმყოფოს ანკეტა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი შეყვანისას ექიმის მიერ დაფიქსირებული დაზიანებები ადასტურებს.

მოქალაქე ირაკლი წულაძე 2013 წლის 18 ნოემბერს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მისი განმარტებით, დაკავების დროს ირაკლი წულაძეს პოლიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ირაკლიი წულაძის სხეულზე არსებულ ფიზიკური ძალადობის კვალს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი შეყვანისას ექიმის მიერ დაფიქსირებული დაზიანებები მოწმობს.

მოქალაქე გ.ხ. 2013 წლის 24 სექტემბერს ღამის საათებში ძვ. თბილისის N5 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს. მისი თქმით, სხვა მოქალაქეების მსგავსად, პოლიციის თანამშრომლებმა დაკავების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გ.ხ.-ს სხეულზე არსებულ ფიზიკური ძალადობის კვალს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი შეყვანისას ექიმის მიერ დაფიქსირებული დაზიანებები ადასტურებს.

მოქალაქე დავით ჩაჩუას განცხადების მიხედვით, ის 2014 წლის 19 იანვარს პოლიციის თანამშრომლებმა გამთენიისას დააკავეს და ვაკე-საბურთალოს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს (ტელევიზიის გვერდით). როგორც დავით ჩაჩუა ამბობს, მას თავდაპირველად ფიზიკურად გაუსწორდნენ და ამის შემდეგ გაათავისუფლეს.

პოლიციელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე საუბრობს მოქალაქე გიორგი ჯიქურაშვილი. ის მიუთითებს, რომ ძალადობის შედეგად აიძულეს ეღიარებინა ჩაუდენილი დანაშაული. გარდა პოლიციელებისა, ჯიქურაშვილის ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია ერთ-ერთი პროკურორის მხრიდან დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება.

საიას განცხადებით, მათ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მოქალაქე შიო კობიძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. მისი თქმით, 2013 წლის 27 ოქტომბერს, ღამის 2 საათზე, ვარდების მოედანზე, ძველი თბილისის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს და სამმართველოში გადაიყვანეს. შიო კობიძის განცხადებით, პოლიციაში ის აწამეს, 4-5 ადამიანი დაუზოგავად სცემდა, ჭრილობაში ავტოკალამს აჭერდა, აგინებდა, "ცოცხების" გამოყენებით აშინებდა და დაინვალიდებას ჰპირდებოდა. სხეულზე არსებულ ფიზიკური ძალადობის კვალს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს. შიო კობიძის ინფორმაციით, წამების ფაქტის უშუალო მოწმეა მისი მეგობარი, რომელიც მასთან ერთად დააკავეს. შიო კობიძე მიუთითებს, რომ ადვოკატთან ერთად ბოლო სამი თვის განმავლობაში ითხოვს გამოძიების დაწყებას, თუმცა უშედეგოდ.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია ცალსახად შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულის, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, ნიშნებს და გამოძიების დაუყონებლივ დაწყებას საჭიროებს. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dikme v. Turkey (78 პუნქტი) განმარტა, რომ როდესაც პიროვნება პოლიციასთან ურთიერთობამდე ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო პოლიციასთან ურთიერთობის შემდეგ დაზიანებები აღენიშნება, სახელმწიფოს ვალდებულია აღნიშნული დაზიანებების შესახებ დამაჯერებელი განმარტება წარმოადგინოს. მსგავსი დამაჯერებელი განმარტებები არცერთ ზემოაღნიშნულ ფაქტზე არ გაკეთებულა. უფრო მეტიც, მიუხედავად კანონით დადგენილი პირდაპირი ვალდებულებისა, რიგ შემთხვევებში გამოძიება საერთოდ არ დაიწყო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის ბრძანება №34 პირდაპირ ადგენს, რომ პოლიციელთა მიერ ჩადენილი დანაშაული პროკურატურის გამომძიებლის ქვემდებარეობას განეკუთვნება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ თითოეულ ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე აწარმოოს ეფექტური, ობიექტური გამოძიება. მოვითხოვთ, დანაშაულის დადგენის შემთხვევაში, თითოეულ პირს კანონით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით დაეკისროს ადეკვატური პასუხისმგებლობა. ამავე დროს, ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს თუ რამდენად ეფექტურია სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო-უწყებრივი ქვედებარეობის მოქმედი წესი და ხომ არ იქნება უმჯობესი პარლამენტმა საკანონმდებლო დონეზე შექმნას სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების უკეთესი მექანიზმი", - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას და მოქალაქეთა ბრალდებას პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე დღესვე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია. მან არასამთავრობო ორგანიზაციას მეტი პასუხისმგებლობიკენ მოუწოდა.

"მე მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი სისტემა მოწოდებულია და თავის საქმიანობაშიც რეალურად ახორციელებს პრინციპებს, რომლებიც არის მიმართული პირველ რიგში ადამიანის უფლებების დაცვაზე, იქნება ეს მოწმე, იქნება ეს დაზარალებული, არ აქვს მნიშვნელობა, ყველასთან მიმართებაში. ეს არის ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი. აქედან გამომდინარე, თუ გარკვეულ სამართალდარღვევებს ჰქონდა ან ექნება მომავალში ადგილი, ამაზე დაუყოვნებლივ ხდება რეაგირება, ამიტომ ყველა სამართალდარღვევაზე დაწყებულია როგორც გენინსპექციის ფარგლებში, ასევე მე მაქვს ინფორმაცია, რომ რიგ შემთხვევაში პროკურატურაშიც დაიწყო გამოძიება. ამიტომ წინასწარ რაღაც განცხადებების გაკეთება და დადანაშაულება სისტემისა, რომ ასეთ დარღვევებს ადგილი აქვს, მოვუწოდებდი ყველა არასამათავრობო ორგანიზაციას, მათ შორის კერძო პირსაც, რომ თავი შეიკავონ და ამ შემთხვევაში როგორც გენერალური ინსპექცია, ისე პროკურატურა თავის დასკვნებს გვამცნობს და, შესაბამისად, დასასჯელიც დაისჯება, მაგრამ მერწმუნეთ, იმ ყველა პოლიციელისთვის, ვინც მართლაც მთელი თავისი საქმიანობით და შეგნებით საზოგადოების სამსახურშია, თითოეული თქვენთაგანის უფლებების დაცვის სამსახურში, ასევე ასეთი წინასწარი განცხადებების და დადანაშაულების ფორმით სისტემის წინააღმდეგ საუბარი იქნებოდა ძალიან ცუდი ფაქტი და დისკრედიტაცია. ამიტომ ვურჩევდი ყველას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან", - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

კომენტარები