იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელი ორგანიზაცია გახდა

სოზარ სუბარის უწყებას იურიდიული დახმარების საკითხთა ნაწილი ჩამოშორდა და დამოუკიდებელი სამსახური შეიქმნა. იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი სელიმაშვილის თქმით, ორგანიზაციას 9-წევრიანი საბჭო მართავს.

"იურიდიული დახმარების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა 2013 წლის 13 დეკემბერს. გამოვედით სასჯელაღსრულების სამინისტროს სისტემიდან, ჩამოვყალიბდით დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. ჩვენი ორგანიზაციის სამართავად შეიქმნა 9-წევრიანი საბჭო, ამ საბჭოში შედიან სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის, ადვოკატთა ასოციაციის, იუსტიციის სამინისტროს, სახალხო დამცველის, საია-ს და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ჩვენი სამსახურის ახალი სტატუსი ძალაში შევიდა 26 იანვრიდან. 9-წევრიანი საბჭო შეიკრიბა. ამ დროისთვის მათი უმთავრესი ამოცანაა, 1 თვის განმავლობაში აირჩიონ ახალი დირექტორი. ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მელიტონ ბენიძეა. გამოცხადდება კონკურსი და კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით შეირჩევა დირექტორი", - თქვა გიორგი სელიმაშვილმა.

პრესსამსახურის უფროსის ცნობით, სასჯელაღსრულების სამინისტროსგან გამოყოფის მიზანი ადვოკატებისთვის პროფესიული დამოუკიდებლობის შექმნა იყო.

"მიზანია ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ სამსახურში დასაქმებული ადვოკატების პროფესიული დამოუკიდებლობა. გამოირიცხოს ინსტიტუციური მექანიზმის არსებობა, რომელიც რაიმე ტიპის ჩარევის შესაძლებლობას შექმნიდა. აქამდე არსებობდა სამინისტრო, რომელსაც ასე თუ ისე გარკვეული მითითებები ჰქონდა და ადვოკატი ნაკლებად იყო დაცული ამ ტიპის ზეწოლისგან", - აღნიშნა სელიმაშვილმა.

იურიდიული დახმარების სამსახური უფასოდ მოემსახურება სოციალურად დაუცველებს, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულში არიან ბრალდებული. "ამ ცვლილებებით, ნაკლები შანსია იმისა, რომ ამ სახაზინო ადვოკატზე მოხდეს არასასურველი ზეწოლა", - აღნიშნა ორგანიზაციის პრესსამსახურის უფროსმა.

სოზარ სუბარის უწყებას იურიდიული დახმარების საკითხთა ნაწილი ოფიციალურად დღეს ჩამოშორდა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებაში წერია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 79–ე მუხლის მე–5 პუნქტისა და ,"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის ,"ო" ქვეპუნქტის შესაბამისად, სოზარ სუბარი 26 იანვრიდან გათავისუფლდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის თანამდებობიდან და დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად.

პრემიერისვე ბრძანებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ გრიგოლ გიორგაძე დაინიშნა, ხოლო მოადგილეებად - ეკატერინე ქრისტესაშვილი, არჩილ თალაკვაძე და ბესიკ დევდარიანი.

კომენტარები