ბიძინა ივანიშვილი

ღარიბაშვილი: ივანიშვილის გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მისიაა

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორიდანაც ძალიან დიდ ძვრებს მოახდენს. როგორც ღარიბაშვილმა დავოსში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, ის მიესალმება ივანიშვილის გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსების შესახებ. პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მისია.

"ადამიანებს გაუჩნდათ შეკითხვა, თუ რატომ მიდის ბატონი ბიძინა პოლიტიკიდან. და სწორედ მან როგორც ბრძანა, ის არსად არ მიდის და რჩება საქართველოსთან და ქართველ ხალხთან. რეალურად, სამოქალაქო საზოგადოებას სჭირდება გაძლიერება და განვითარება. მე მიმაჩნია, რომ ბატონი ბიძინა ამ მიმართულებითაც მოახდენს ძალიან დიდ ძვრებს და ბევრ სასიკეთო ცვლილებას ჩვენი ქვეყნისთვის. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გარეშე, მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება არ არის საკმარისი. უნდა მოხდეს ხალხის განვითარებაც და ეს უნდა იყოს თანმხვედრი პროცესი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე დააფუძნა. ბიძინა ივანიშვილი ორგანიზაციას თავად უხელმძღვანელებს. ორგანიზაციის პრესსამსახურის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებაა.

ორგანიზაციის ხედვისა და მიზნების შესახებ ბიძინა ივანიშვილი დაწვრილებით 28 იანვარს ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრებს.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასული წლის 24 ნოემბერს წავიდა. მან განაცხადა, რომ რამდენიმე თვე მედიასთან არ გამოჩნდებოდა და ჟურნალისტებთან კონტაქტი შეწყვიტა.

კომენტარები