2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადა

რამდენიმე ქვეყანამ სოჭი 2014-თან დაკავშირებული მუქარის წერილები მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის ოლიმპიურმა კომიტეტებმა მუქარის წერილები მიიღეს, სადაც ნათქვამია რომ სოჭის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას, მათ დელეგაციებზე ტერორისტული შეტევები განხორციელდება.

"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უსაფრთხოებას ოლიმპიურ თამაშებზე ძალიან სერიოზულად უყურებს და ნებისმიერ ინფორმაციას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, შესაბამის უსაფრთხოების სამსახურებს გადასცემს. თუმცა, ის შეტყობინებები, რომლებიც ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა მიიღეს, არ შეიცავს არანაირ საფრთხეს და უბრალო მოქალაქის მიერ გაგზავნილ წერილს ჰგავს", - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპიკერმა, სანდრინ ტონგმა.

სლოვაკეთმა და უნგრეთმა უკვე დაადასტურეს, რომ თავიანთი მოქალაქეებისა და სპორტსმენების მიმართ მუქარის წერილები ინგლისურ ენაზე მიიღეს. იტალიისა და გერმანიის ოლიმპიურმა კომიტეტებმა ასევე განაცხადეს იმავე ხასიათის წერილის მიღების შესახებ. სხვა ქვეყნების ოფიციალური პირების თქმით, მათთვის წერილები გადამისამართებულად მივიდა.

უნგრეთის ოლიმპიურ კომიტეტში მოსულ წერილში ნათქვამია, რომ უნგრულ გუნდზე და ამ ქვეყნის მოქალაქეებზე ტერორისტული აქტი განხორციელდება. უცნობი პირები მათი აფეთქებით იმუქრებიან.

"აშშ-ის გუნდის უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. როგორც ყოველთვის ხდება, ჩვენ ვმუშაობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან, ადგილობრივ ორგანიზატორებთან და შესაბამის სამართალდამცავ უწყებებთან, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი ქვეყნის დელეგაცია სოჭში დაცული იქნება", - განაცხადა აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სკოტ ბლაკმუნმა.

კომენტარები