სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ფსოუზე ე.წ. სასაზღვრო ზონის შექმნა ყოვლად მიუღებელია და ოკუპაციის გაგრძელებას წარმოადგენს. ზაქარეიშვილის თქმით, საოკუპაციო ზოლის გაზრდის თარიღად მითითებულია 21 მარტი და იგულისხმება ოლიმპიადის უსაფრთხოება.
"მგონია, სჯობს ჩვენ ამას დავაკვირდეთ, რამდენად შესრულდება ეს საკითხი, ვინაიდან სოჭის ოლიმპიადას ეხება. როგორც კი დადგება 21 მარტი, ბუნებრივია, ჩვენ ამ თემას ხელახლა დავუბრუნდებით", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ჟურნალისტებმა სახელმწიფო მინისტრს ჰკითხეს, ელოდება თუ არა რუსეთისგან აგრესიულ ქმედებებს სოჭის ოლიმპიადის შემდეგ. ზაქარეიშვილის თქმით, გამორიცხული არაფერია, თუმცა ამ მიმართულებით შესაბამისი უწყებები მუშაობენ.
"ჩვენ ვიმოქმედებთ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. არ ავყვებით ემოციებს, ვიქნებით პრაგმატულები, კარგად განვსაზღვრავთ, ვინ გვყავს მეტოქე. არ ვაპირებთ ვინმეს თვალებში ჩავხედოთ და პატიოსნება დავინახოთ იქ, სადაც ეს არ არსებობს, არც მეგობრებს ვეძებთ ასეთი მეთოდებით. ჩვენ ვხედავთ რეალურ ძალას და ამ რეალურ ძალას დავუპირისპირებთ რეალურ ძალას. საქართველოს სახელმწიფო შესაძლოა ზომით პატარაა, მაგრამ თავისი როლითა და გავლენით რეგიონსა და მსოფლიოში არანაკლებ ძლიერია", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის დადგენილების თანახმად, გაგრის რაიონის სასაზღვრო ზოლმა რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებული აფხაზეთის სიღრმეში 11 კილომეტრით, ანუ რუსეთ-საქართველოს საზღვარმა მდინარე ფსოუდან აფხაზეთის სიღრმეში, ბაგრიპშის დასახლებულ პუნქტამდე გადაიწია. აღნიშნული ზონა რვა დასახლებულ პუნქტს (ბაგრიპში, ხაშსი, ხიშხა, მახადირი, მკლიალრიპში, ლაპსტახა, გიაჩრიფში და ცანდრიპში) მოიცავს. დროებითი სასაზღვრო ზონა 20 იანვრიდან 20 მარტის ჩათვლით იმოქმედებს.
"მოქალაქეებმა, რომლებიც სასაზღვრო ზონას აღნიშნულ პერიოდში გადაკვეთენ, პირადობის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარმოადგინონ. რესპუბლიკის "ფსოუ-ენგურის" ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიან მონაკვეთზე, დასახლებულ პუნქტ ბაგრიპშთან ამოქმედდება ერთობლივი სტაციონარული საკონტროლო პუნქტი, რომელზეც უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამიგრაციო სამსახურის თანაშრომლები 24 საათის განმავლობაში იმორიგევებენ", - განუცხადეს იტარ-ტასს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურში.





