„კაცობრიობის ევოლუციის მანძილზე, მრავალი საოცრების გვერდით, რომელიც ადამიანმა შექმნა ქურაზე ანთებული ცეცხლის საშუალებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგიაა", – ამბობს ერმილე მაღრაძე, ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგი და ოსტატი, რომელმაც შუა საუკუნეების ტექნოლოგიების საფუძვლიან და მეცნიერულ კვლევას ოცდაათ წელზე მეტი შეალია. მის მიერ ძველი მეთოდებით 1990 წელს დამზადებული მინანქრის მედალიონის ასლი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული და მისი ნახვა ნებისმიერ დამთვალიერებელს შეუძლია. დეკემბრის თვეში, მინანქრის ხელოვნების უკეთ გაცნობის საშუალება დაინტერესებულ პირებს, ერმილე მაღრაძემ ახალი პროექტის საშუალებით მისცა.
შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ხელოვნება, მდიდრული ხელოვნებაა. ბიზანტიური მოზაიკისა და მინანქრის ბრწყინვალება ცოტას თუ ტოვებს გულგრილს, ამის დასტურია გრძელი რიგები ტაძრებსა და მუზეუმებში ბიზანტიური ხელოვნების საექსპოზიციო დარბაზებთან, დამთვალიერებელთა რაოდენობა ვენეციის სან მარკოს ტაძრის საგანძურთან, სადაც კონსტანტინოპოლის განძი, მათ შორის – წმინდა მარკოზ მახარებლის საფლავზე აღმართული ცნობილი პალა დ'ოროა დაცული, რომელიც კონსტანტინოპოლის პანტოკრატორის ტაძრის სამი იკონოსტასიდან ამოღებული მინანქრების კოლაჟს წარმოადგენს.
ერმილე მაღრაძე: „საბედნიეროდ, შემორჩენილია ისტორიული წყაროები, ეს პროექტი შუა საუკუნეებში მოღვაწე ბერის – თეოფილუს პრესვიტერისა და ვახტანგ მეექვსის ტრაქტატებზე დაყრდნობით ხორციელდება და მის ფარგლებში ვიმეორებთ ძველი ოსტატების მიერ ჩატარებულ სამუშაოებს – ძველად სახელოსნოები მუშაობდნენ ამ ფორმით, მათ არ ჰქონდათ თანამედროვე საშუალებები და რაც ჰქონდათ, იმით აღწევდნენ შედეგს, რომელიც გაცილებით მაღალ ხარისხშია წარმოდგენილი, ვიდრე ამას დღეს ვხვდებით. ეს ტექნოლოგია გავრცელებული იყო ორ სამყაროში – ბიზანტიასა და საქართველოში და ჩვენთან მოიპოვება ყველა ის მასალა, რომელიც ესაჭიროება ტიხროვან მინანქარს: მინის შემადგენელი კომპონენტები, მეტალი, მინანქრის საფუძვლისთვის საჭირო ოქრო, ვერცხლი, სპილენძი. ამ პროექტის ფარგლებში რამდენიმე ექსპედიცია მოვაწყვე მთიან რეგიონებში, რომ მოგვეპოვებინა საჭირო ნედლეული, რომელიც დაიფქვა და დამუშავდა იმ წესით, რასაც აღწერენ თეოფილუს პრესვიტერი და ვახტანგ მეექვსე.
ერმილე მაღრაძე ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი და საგანძურის განყოფილებაში ძვირფასი მეტალისა და მინის ტექნოლოგ-რესტავრატორია. წლებია, ქართულ და ბიზანტიურ ნამუშევრებს უვლის და პატრონობს. იმპერიულ გავლენებზე საუბარს არ ერიდება, თუმცა დამოუკიდებელი ქართული სკოლების არსებობა განსაკუთრებით ეამაყება:
„ბიზანტიურ და ქართულ მინანქარს შორის განსხვავებებსა და გავლენებზე საუბარი საკმაოდ რთულია. მე არ ვიქნები „ურაპატრიოტი", რომელიც დაიწყებს მტკიცებას, რომ ყველაფერი ქართულია, მაგრამ რომ არსებობს დამოუკიდებელი ქართული სახელოსნოები, უტყუარი და უდავო ფაქტია. თუნდაც ის, რომ არსებობს ვახტანგ მეექვსის ტრაქტატი, „ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნისა", სადაც მოტანილია სხვადასხვა ფერის მინის ხარშვის მეთოდები. ამის მიხედვით, გამოვთვალე წონის ერთეულები, ჩავატარე ცდები და მინა მშვენივრად იხარშება. მეთხუთმეტე საუკუნიდან ქართული სახელოსნოები წყვეტენ მუშაობას, მაგრამ ის, რომ ვახტანგ მეექვსემდე მივიდა ეს ცოდნა, ნიშნავს, რომ ამ ორ საუკუნეში ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ არსებობს. ამას მკვლევრები არც აქცევენ ყურადღებას და არასერიოზულად უყურებენ ამ ჩანაწერებს, თითქოს ეს არ შეეფერება სინამდვილეს. სინამდვილეში კი, ვახტანგმა იცოდა მინის ხარშვა და ეს იმ დროს, როდესაც ბიზანტია უკვე განადგურებული იყო. მეფე იყო და მოიკითხა ოსტატები, რომლებისგანაც ჩაიწერა ფორმულები, ჩაატარა ცდები და მიიღო ის, რაც სჭირდებოდა. და თუ ეს ცოდნა მეთვრამეტე საუკუნეში არსებობს, ვითომ, რატომ არ იქნებოდა უფრო ადრე?
ფოტო: Mukhran Makharadze
აი, ჩვენ დაბადებული ვართ საბჭოთა სივრცეში და დღემდე, გარკვეულწილად, საბჭოთა სივრცეში ვცხოვრობთ. ამხელა იმპერიის ნაწილი ვიყავით, მაგრამ ჩვენს დამოუკიდებელ ყოფას ხომ ვინარჩუნებთ? ბიზანტია უზარმაზარი იმპერია იყო, კონსტანტინოპოლში ბრწყინვალე სახელოსნოები მუშაობდა და იქ ყოფნა მოდური იქნებოდა, ბუნებრივია. მაგრამ რაც არ უნდა ილაპარაკონ ბერძნებმა, სადღაც აქ, ჭიათურა-საჩხერე-ვანის მიდამოებშიც ნამდვილად არსებობდა დამოუკიდებელი სახელოსნოები და ნამდვილად მუშაობდნენ ქართველი ოსტატები".
ტიხროვანი მინანქრის ტექნიკით შესრულებული უდიდესი ნამუშევრები, ძირითადად, განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება და მათზე მონასტრებში მოღვაწე სასულიერო პირები მუშაობდნენ. ერმილე მაღრაძის თქმით, თითოეულ ნამუშევარზე მისი შემქმნელი ოსტატის სულიერება და ეპოქისთვის მახასიათებელი მსოფლმხედველობა აისახება.
ბუნებრივია, ყველა ნამუშევარს ემჩნევა ეპოქის კვალი და ეს ხელოვნება ტყუილად უნდათ, რომ დღევანდელობაში გაიმეორონ. თუ არ იქნება ის მიმართება სულიერ სამყაროსთან, რა სიღრმისეული სულიერი დამოკიდებულებითაც ამას აკეთებდნენ ძველი ოსტატები. ცნობილია, რომ ხატმწერები პირდაპირ ჭვრეტდნენ ხატებს და ისე გადმოჰქონდათ თავიანთ ნამუშევრებში, მაგრამ ეს იყო ცნობიერი გააზრება სამყაროსი, ცოცხალი დამოკიდებულება. ადამიანი იყო ცნობიერად შუამავალი სულიერ და ფიზიკურ სამყაროს შორის და მათ ნამუშევრებს ეს ეტყობა კიდეც. არ უნდა ვიფიქროთ, რომ რადგან მეათე საუკუნისაა, ყველა კარგია. ბევრია სუსტი ნამუშევარიც, მაგრამ მათ შორის გიგანტები არიან, რომლებმაც ძალიან მაღალი დონის ძეგლები შეგვიქმნეს. როგორც აქ, ისე ბიზანტიაში.
მეთხუთმეტე საუკუნეში ტიხროვანი მინანქარი მოდიდან გადავიდა, ასეთი რამ აღარ სჭირდებოდათ თანამედროვე ადამიანებს. ზოგადად, მეთოთხმეტე საუკუნის დასასრული-მეთხუთმეტე საუკუნე ის პერიოდია, როცა ადამიანი მთელ მსოფლიოში ძირფესვიანად იცვლის თავის დამოკიდებულებას სამყაროსადმი. ეს ყველაფერში თავის ანაბეჭდს ტოვებს. მანამდე ადამიანს სულიერი სამყაროსადმი სხვა დამოკიდებულება ჰქონდა, სულ აღმოსავლეთისკენ და ანგელოზებისკენ იყურებოდა. ამ პერიოდში კი ზურგს აქცევს და პრაგმატული ხდება. შესაბამისად, ამ ეპოქის ქართული, ევროპული ან თუნდაც რუსული ჯვარ-ხატები სულ სხვანაირადაა წარმოდგენილი. მაგალითიად, ქვის დამუშავება: ამ პერიოდამდე, ადამიანი შესამკობად განკუთვნილ მინერალს რომ მოიპოვებდა, ოდნავ მოეფერებოდა, გააკრიალებდა, თავის ჩარევის კვალს ზედმეტად არ დააჩნევდა, რაც ღმერთმა შექმნა, ისე ტოვებდა და ამაგრებდა თავის ადგილას, რომ მედიტაციაში მყოფ ადამიანს მიხმარებოდა, საფირონი იყო ეს თუ ლალი.
მეთხუთმეტე საუკუნის შემდეგ კი ევროპული მინანქარი ხდება ძალიან თხელი იმიტომ, რომ ეს დეფექტები რაც შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს ოსტატმა, შესაბამისად, მათ მიერ დამზადებული ნივთები იდეალურია – გაკრიალებული ზედაპირი, ხასხასა და მოვლილი ფერთა პალიტრა. მაგალითად, ფაბერჟე რომ ავიღოთ, მის მინანქრებში ვერ ნახავთ ვერცერთ გვერდზე გადახრილ ხაზს, დეფექტს ვერ გადააწყდებით და მხოლოდ იდეალურ გეომეტრიულ ფიგურებს ნახავთ.
მისი ნამუშევარი ბევრ ტაძარშია დაცული და სწორედ ერმილე მაღრაძეს შეუკვეთა ვატიკანის ქართულმა ნუნციატურამ ახლადკურთხეული რომის პაპის, ბენედიქტე XVI-ისთვის საჩუქრად გადასაცემი ჯვარი. თუმცა, ძირითადად, სამეცნიერო საქმიანობითა და კვლევებითაა დაკავებული და კერძო შეკვეთებისთვის დრო თითქმის არ რჩება. ნუნციო კლაუდიო გუჯეროტის თანადგომით, რამდენიმე ახალგაზრდა ოსტატი გამოზარდა და მეცენატის გამოჩენის შემთხვევაში, პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელების სურვილი აქვს, „თუ ამ საქმეში ვინმე ფულს ჩადებს, ისე, რომ მის უკან ამოღებას არ მოითხოვს". გარდა ამისა, აპირებს მრავალწლიან კვლევებს ერთ წიგნად მოუყაროს თავი, რომელიც, გარკვეულწილად, სახელმძღვანელო იქნება დაინტერესებული ადამიანებისთვის:
„მინდა დავწერო, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს ხელოვნება. ძალიან ბევრი ტყუილ-მართალია ერთმანეთში აზელილი. ძალიან ცუდია, რომ ვინმეს ვუსაყვედურო, მაგრამ არ უნდა იკადრონ ის, რასაც ბევრი კადრულობს, ეს კომერციულ, ფულის საკეთებელ საქმედ აქციეს და დამახინჯდა ყველაფერი. გაივსო ჩვენი ტაძრები მდარე და იაფფასიანი ნივთებით და არავინ ამაზე ხმას არ იღებს. ესაა ტყუილი, რომელიც სამომავლოდ, გარკვეულ დაღს დაასვამს ჩვენი ერის კულტურულ განვითარებას".