ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

TI თვითმმართველობის არჩევნებში 50%-იანი ბარიერის დაწესებას ითხოვს

transparency.ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო თვითმმართველობის არჩევნებში 50%-იანი ბარიერის დაწესებას ითხოვს - ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა დღეს განაცხადა. მისი თქმით, 50%-იანი ზღვარის შესახებ თვითმმართველობის შესახებ კანონში ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო და ახლა გაუგებარია, რატომ მოხდა მმართველი კოალიციის პოზიციის შეცვლა ამ საკითხთან დაკავშირებით.

"50% არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თუ ის ადამიანი გაიმარჯვებს, რომელმაც არჩევნებზე მიიღო 50% ან მეტი, მისი ლეგიტიმურობა არის მაღალი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ მეორე ტური იქნება, არის მაღალი და შეიძლება საუბარიც იყოს იმაზე, რომ საქართველოსნაირ ქვეყანაში მეორე ტურის მოწყობა არ იქნება მიზანშეწონილი, რადგან კონკრეტულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ჩვენ დემოკრატიის უფრო მაღალ ხარისხზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის უმეტესობის პოზიცია და დამოკიდებულება იყოს გათვალისწინებული, როდესაც საქმე შეეხება გამგებელს და პირდაპირი წესით არჩეულ მერს", - განაცხადა გიგაურმა.

ეკა გიგაურის თქმით, აუცილებელია უახლოეს მომავალში საარჩევნო სისტემაც შეიცვალოს, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენმე თვეა დარჩენილი, მმართველ გუნდს კი საარჩევნო სისტემათან დაკავშირებით არავითარი პოზიცია არ გააჩნია. მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით საქართველოს უსამართლო საარჩევნო სისტემა აქვს.

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, ქალაქების მერის არჩევისას ბარიერი, 30%-დან, სავარაუდოდ, 40%-მდე გაიზრდება. თუმცა, თავდაპირველად მმართველი გუნდი ბარიერის 50%-მდე გაზრდას ითხოვდა.

 

კომენტარები