სასტუმრო ვაკის პარკთან

მერიამ ვაკეში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებული საჩივარი არ დააკმაყოფილა

Wikipedia

თბილისის მერიამ რესტორან ბუდაპეშტის ნაცვლად, მაღალი კლასის ახალი სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა. მერიის განცხადებით, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ რესტორანი ბუდაპეშტი და მასთან მისასვლელი საავტომობილო გზა 1958 წელს აშენდა და ის არასდროს შედიოდა ვაკის პარკის საზღვრებში.

"ტერიტორიაზე არსებული მიტოვებული ნანგრევების ნაცვლად, მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობით, მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო კეთილმოწყობილი გახდება, გამწვანდება და უსაფრთხო გახდება იქ მიმსვლელთათვის. ქალაქში ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელება ეკონომიკურ ზრდას, მოსახლეობის დასაქმებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და სარეკრეაციო ზონის ეფექტურ გამოყენებას უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვანია თბილისის და თბილისელებისთვის", - აცხადებს თბილისის მერია და აღნიშნავს, რომ დაინტერესებულ მხარეებს გადაწყვეტილების გასაჩივრება თბილისის საქალაქო სასამართლოში შეუძლიათ.

ცნობისთვის, 10 იანვარს, თბილისის მერიის წინ, საზოგადოებრივმა მოძრაობამ - პარტიზანული მებაღეობა - აქცია გამართა და მოითხოვა, რომ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდეს. თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ მაშინ თქვა, რომ აქციის ორგანიზატორები არაინფორმირებული არიან, რადგან სასტუმრო, რომელიც რესტორან ბუდაპეშტის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, პარკს არ მიეკუთვნება და ცხრასართულიანის ნაცვლად, ხუთსართულიანი იქნება. უგრეხელიძის თქმითვე, სასტუმროს მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია.

"იქ სასტუმრო აუცილებლად აშენდება, თბილისს სჭირდება განვითარება, სასტუმროები", - აღნიშნა უგრეხელიძემ და დასძინა, რომ ტერიტორია კერძოა და თუკი მერია მშენებლობაზე ნებართვას არ გასცემდა, კომპანიას შეეძლო თბილისის მერიისთვის ეჩივლა.

ამასთან დაკავშირებით, საზოგადოების წარმომადგენლებმა მერიაში ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანეს და მოითხოვეს, რომ სასტუმრო არ აშენდეს.

კომენტარები