სასტუმრო ვაკის პარკთან

ვაკის პარკთან სასტუმროს მშენებლობასთან კავშირს გიგი უგულავას ქვისლიც უარყოფს

გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობასთან და კომპანია ტიფლის დეველოპმენტთან კავშირს უარყოფს. სპეციალური განცხადება გიორგი ღონიაშვილმაც გაავრცელა.

"მსურს გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. არც ახლა და არც წარსულში, არც ტიფლის დეველოპმენტთან და არც სასტუმროს ინვესტორთან არანაირი კავშირი არ მქონია. ტიფლის დეველოპმენტის წარმომადგენელს გიორგი ზაქაიძეს არც კი ვიცნობ.
ჭორის საფუძველი შესაძლოა იყოს ის, რომ წარსულში (2010-2012) ვმუშაობდი კომპანია REAL INVEST-ში, რომლის ერთ-ერთი მფლობელი გიორგი კაპანაძე რესტორან ბუდაპეშტის ერთ-ერთი მესაკუთრე გახლდათ. თუმცა ამ ტერიტორიის განკარგვა არასოდეს ყოფილა იმ კომპანიის კომპეტენცია ან ინტერესი, სადაც მე ვიყავი დასაქმებული. იმედს ვიტოვებ, რომ ამ განცხადების შემდეგ, შეწყდება ცილისმწამებლური კამპანია ჩემი მისამართით და სასტუმროს წინააღმდეგ ორგანიზებული პროტესტის მონაწილენი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ სიტყვებს", - აცხადებს გიორგი ღონიაშვილი.

გიგი უგულავას ნათესავებთან კავშირი უკვე უარყო ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროს ინვესტორმაც. კომპანიის მესაკუთრეების განცხადებით, ტიფლის დეველოპმენტი ქართულ-ყაზახური ფირმაა და გიგი უგულავას ქვისლ გიორგი ღონიაშვილთან არაფერი აკავშირებს.

"კომპანია ტიფლის დეველოპმენტი, რომელიც რესტორან ბუდაპეშტის ადგილას 22-მილიონიანი ინვესტიციით სასტუმროს მშენებლობას ახორციელებს, შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დღეებში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციაზე. კომპანიის მესაკუთრეები უარვყოფთ გიგი უგულავას ქვისლის გიორგი ღონიაშვილის რაიმე სახით კავშირს ქართულ-ყაზახურ ფირმასთან. მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს გაჟღერებული ცრუ ბრალდებები, პოლიტიკურ ელფერს იძენს და საფრთხეს უქმნის როგორც მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას, ასევე მოქალაქეებისთვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, 10 იანვარს, თბილისის მერიის წინ, საზოგადოებრივმა მოძრაობამ - პარტიზანული მებაღეობა - აქცია გამართა და მოითხოვა, რომ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდეს. სევდია უგრეხელიძემ მაშინ თქვა, რომ აქციის ორგანიზატორები არაინფორმირებული არიან, რადგან სასტუმრო, რომელიც რესტორან ბუდაპეშტის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, პარკს არ მიეკუთვნება და ცხრასართულიანის ნაცვლად, ხუთსართულიანი იქნება.

უგრეხელიძის თქმითვე, სასტუმროს მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია.

"იქ სასტუმრო აუცილებლად აშენდება, თბილისს სჭირდება განვითარება, სასტუმროები", - აღნიშნა უგრეხელიძემ და დასძინა, რომ ტერიტორია კერძოა და თუკი მერია მშენებლობაზე ნებართვას არ გასცემდა, კომპანიას შეეძლო თბილისის მერიისთვის ეჩივლა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია ტიფლის დეველოპმენტთან გიგი უგულავას ქვისლს გიორგი ღონიაშვილს აქვს კავშირი.

კომენტარები