სასტუმრო ვაკის პარკთან

სასტუმროს ინვესტორი გიგი უგულავას ნათესავებთან კავშირს უარყოფს

ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროს ინვესტორი გიგი უგულავას ნათესავებთან კავშირს უარყოფს. კომპანიის მესაკუთრეების განცხადებით, ტიფლის დეველოპმენტი ქართულ-ყაზახური ფირმაა და გიგი უგულავას ქვისლ გიორგი ღონიაშვილთან არაფერი აკავშირებს.

"კომპანია ტიფლის დეველოპმენტი, რომელიც რესტორან ბუდაპეშტის ადგილას 22-მილიონიანი ინვესტიციით სასტუმროს მშენებლობას ახორციელებს, შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დღეებში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციაზე. კომპანიის მესაკუთრეები უარვყოფთ გიგი უგულავას ქვისლის გიორგი ღონიაშვილის რაიმე სახით კავშირს ქართულ-ყაზახურ ფირმასთან. მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს გაჟღერებული ცრუ ბრალდებები, პოლიტიკურ ელფერს იძენს და საფრთხეს უქმნის როგორც მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას, ასევე მოქალაქეებისთვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, 10 იანვარს, თბილისის მერიის წინ, საზოგადოებრივმა მოძრაობამ - პარტიზანული მებაღეობა - აქცია გამართა და მოითხოვა, რომ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდეს. სევდია უგრეხელიძემ მაშინ თქვა, რომ აქციის ორგანიზატორები არაინფორმირებული არიან, რადგან სასტუმრო, რომელიც რესტორან ბუდაპეშტის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, პარკს არ მიეკუთვნება და ცხრასართულიანის ნაცვლად, ხუთსართულიანი იქნება.

უგრეხელიძის თქმითვე, სასტუმროს მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია.

"იქ სასტუმრო აუცილებლად აშენდება, თბილისს სჭირდება განვითარება, სასტუმროები", - აღნიშნა უგრეხელიძემ და დასძინა, რომ ტერიტორია კერძოა და თუკი მერია მშენებლობაზე ნებართვას არ გასცემდა, კომპანიას შეეძლო თბილისის მერიისთვის ეჩივლა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია ტიფლის დეველოპმენტთან გიგი უგულავას ქვისლს აქვს კავშირი.

კომენტარები