სასტუმრო ვაკის პარკთან

უგრეხელიძე: ვაკის რაიონში სასტუმროს მშენებლობა ქალაქის ინტერესებს ემსახურება

primetimenews.ge

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე ვაკის რაიონში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ვინაიდან ვაკის რაიონში სასტუმროს მშენებლობასთან, დაკავშირებით, უნებლიეთ თუ მიზანმიმართულად მოხდა ჩემი პოზიციის დამახინჯებული ინტერპრეტირება, საჭიროდ მიმაჩნია დავაკონკრეტო და საზოგადოებას განვუმარტო, რომ რესტორან ბუდაპეშტის ადგილზე აშენდება თუ არა სასტუმრო, დაწყებული ადმინისტრაციული განხილვის ან სასამართლო განხილვის ფარგლებში გადაწყდება. ხოლო, რაც შეეხება ჩემს პირად მოსაზრებას, მიმაჩნია, რომ შეთანხმებული პროექტი თბილისის განვითარებას მეტ სიკეთეს მოუტანს, ვიდრე ზიანს და ის სწორედ ქალაქის ინტერესებს ემსახურება", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 10 იანვარს, თბილისის მერიის წინ, საზოგადოებრივმა მოძრაობამ - პარტიზანული მებაღეობა - აქცია გამართა და მოითხოვა, რომ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდეს. სევდია უგრეხელიძემ მაშინ თქვა, რომ აქციის ორგანიზატორები არაინფორმირებული არიან, რადგან სასტუმრო, რომელიც რესტორან ბუდაპეშტის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, პარკს არ მიეკუთვნება და ცხრასართულიანის ნაცვლად, ხუთსართულიანი იქნება.

უგრეხელიძის თქმითვე, სასტუმროს მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია.

"იქ სასტუმრო აუცილებლად აშენდება, თბილისს სჭირდება განვითარება, სასტუმროები", - აღნიშნა უგრეხელიძემ და დასძინა, რომ ტერიტორია კერძოა და თუკი მერია მშენებლობაზე ნებართვას არ გასცემდა, კომპანიას შეეძლო თბილისის მერიისთვის ეჩივლა.

კომენტარები